Thumbnail

ანჩელოტი: ბარსასთან წინა თამაში მახსოვდა და ამჯერად, არაფერი გამომიგონებია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ლა ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში რეალმა ბარსელონას 3:1 სძლია და ცხადია, თამაშის შემდეგ, გუნდების მთავარი მწვრთნელები კარლო ანჩელოტი და ჩავი კარდინალურად განსხვავებულ ხასიათზე იყვნენ.

კარლო ანჩელოტი (რეალის მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩში ყველა ბოლომდე უნდა დახარჯულიყო და ასეც მოხდა. კარგად დავიწყეთ, საკმაოდ მალე დავწინაურდით და სიტუაციას მე-2 ტაიმშიც ვაკონტროლებდით.

ცხადი იყო, რომ მილიტაოს ლევანდოვსკი მაქსიმალურ წნეხში უნდა მოექცია, კროოსისა და ტჩუამენის მეშვეობით კი, ზონებს შორის აღმოჩენილ მეტოქეებს კარგად დავუდექით.

კარგად მახსოვდა გასული სეზონის თამაში, როდესაც რაღაც ახლის გამოგონებას ვეცადე და მაშინ დიდი ანგარიშით წავაგეთ, ამჯერად კი, ყველა თავის ადგილას გავამწესე და კარგიც ვქენი. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მოდრიჩის გარჯა, რომელმაც მის ვიზავის არაფერი დაუთმო”.

ჩავის რეალთან მარცხმა ბევრი საფიქრალი გაუჩინა

ჩავი (ბარსელონას მთავარი მწვრთნელი): “ძალიან მადარდებს ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს შესაფერის დონეზე ვერ ვითამაშეთ. ისეთი გოლები, რომლითაც ანგარიში გაიხსნა, უბრალოდ არ უნდა გავუშვათ. ასეთ სიტუაციებში ბანალური ჯარიმა უნდა აიღო.

ნამდვილად იმედგაცრუებული და განაწყენებული ვარ. უფრო დაფიქრებით უნდა ვითამაშოთ. ახლა იმას არ ვაკეთებთ, რასაც წესით ბარსელონა უნდა აკეთებდეს”.

შეგახსენებთ, რომ ამ წარმატების წყალობით, რეალმა 25 ქულა მოაგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, ბარსელონამ კი სეზონში პირველად წააგო და 22 ქულით მე-2 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები