Thumbnail
  • დინამო ბათუმი 3:2 დილა გორი
  • სიონი 0:2 დინამო თბილისი
  • ტორპედო 1:1 საბურთალო

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩები დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა - სენსაციები არ ყოფილა, თუმცა საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა და ბრძოლა ყველა შეხვედრაში ვიხილეთ. 

ჩემპიონატის ლიდერმა დინამო თბილისმა გასვლაზე ბოლნისის სიონს 2:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 36-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ - ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ივა გელაშვილი გააძევეს, რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება კი თბილისელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს. ანგარიში 73-ე წუთზე დინამოს კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გახსნა, 85-ე წუთზე კი გიორგი გაბედავას დარტყმის შემდეგ ისიანმა შეცდომა დაუშვა და სტუმარმა გუნდმა მეორე ბურთი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა. 

ევროთასების საგზურისთვის მებრძოლმა ქუთაისის ტორპედომ და საბურთალომ ზესტაფონში ქულები გაიყვეს, ფრე 1:1. ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს - 39-ე წუთზე გიული მანჯგალაძის მოწოდებული კუთხურიდან ბურთი თბილისელთა კარში ნიკა სანდოხაძემ გადაგზავნა. საბურთალომ პირველი ტაიმის მესამე დამატებით წუთზე გაათანაბრა - იური ტაბატაძემ შორეული დარტყმით როინ კვასხვაძეს ულამაზესი გოლი გაუტანა. მეორე ტაიმში მეტოქეებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი კი ბათუმში გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა დინამო ბათუმმა გორის დილას 3:2 აჯობა. ანგარიში 35-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გახსნა. 42-ე წუთზე მილან რადინმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ფლამარიონ ჯოვინომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა და შესვენებაზე დინამო სამბურთიანი უპირატესობით გავიდა - 3:0. მეორე ტაიმის მე-10 წუთზე მოედნიდან უხეში თამაშისათვის ბათუმელთა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური გააძევეს. დილამ შეხვედრა მატჩის ბოლოს თორნიკე კაპანაძის დუბლით დაძაბა. გორელთა ფორვარდმა მე-80 და 91-ე წუთებზე გაიტანა. მეორე ტაიმის დამატებულ მე-4 წუთზე ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ ტიერი გეილის ურთულესი დარტყმა მოიგერია და დინამოს 3 ქულა მოუტანა. 

განვლილი 30 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სათავეში დინამო თბილისი გახლავთ 66 ქულით, მეორეზე მყოფი დინამო ბათუმი ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე სამგურალია, რომელსაც 48 ქულა აქვს. შემდეგ მოდის დილა (46 ქულა), ტორპედო (45 ქულა) და საბურთალო (44 ქულა). დაძაბული ვითარებაა ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდებს შორის. მე-7 ადგილზე მყოფ თელავს 31 ქულა აქვს, სიონს - 30, ხოლო გაგრას 29 ქულა. ამ მომენტისთვის სიონი და გაგრა პლეი აუტის ზონაში არიან, ხოლო ბოლო პოზიციაზე თბილისის ლოკომოტივია, რომელიც ეროვნულ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა. 

სიონი 0:2 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 სხირტლაძე (73), 0:2 გაბედავა (85)

გაძევება: ივა გელაშვილი (36)

ტორპედო 1:1 საბურთალო

გოლები: 1:0 სანდოხაძე (39), 1:1 ტაბატაძე (45+3)

დინამო ბათუმი 3:2 დილა გორი

გოლები: 1:0 კობახიძე (35), 2:0 რადინი (42), 3:0 ჯოვინო (45+3), 3:1 კაპანაძე (80), 3:2 კაპანაძე (90+1)

გაძევება: ჯიღაური (55)

კომენტარები

ბოლო ამბები