კვირა ისე არ გადის, ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო იტალია და ევროპა არ აალაპარაკოს (საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ). თუ კვირაში ორჯერ თამაშობს, მაშინ ამას კვირაში ორჯერაც აკეთებს. ჩვენც მასზე წერა არასდროს მოგვბეზრდება, თქვენ კი მის შესახებ კითხვა და მისი გოლებისა თუ საგოლე პასების ნახვა. კვარას კვირასაც მაგარი თამაში ჰქონდა. გარდა ამისა, გასულ უიკენდზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც სტაბილურად იბრუნებს ფორმას. ეს და შაბათ-კვირის სხვა მნიშვნელოვანი ამბები ტრადიციულ ორშაბათის საკითხავში.
კვარა | ხვიჩას მორიგი მაგარი თამაში
ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბევრ ისეთ მატჩზე უკეთესი თამაში ჰქონდა, სადაც გაიტანა. ბოლონიამ ნაპოლის დიდი წინააღმდეგობა გაუწია, საქართველოს ნაკრების ლიდერმა კი უმნიშვნელოვანესი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან ეფექტური საგოლე გადაცემა გააკეთა. თანაგუნდელებს მომენტები რომ გამოეყენებინათ, კვარაცხელიას ბოლონიასთან მეტი ასისტიც ექნებოდა. ბოლონიასთან 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის თამაშს იტალიაში ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს.
📋 | რა ითქვა და რა დაიწერა კვარაცხელიას თამაშზე, ნახეთ აქ.
ჩაკვე | კიდევ ერთი ასისტი - გიორგიც ფორმაში შედის
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბრატისლავის სლოვანმა გასვლაზე მიხალოვცე იურაი კუცკას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა, ამ უკანასკნელს კი საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ასისტი ზედიზედ მესამე შეხვედრაში ჩაიწერა.
ავსტრალია | მიქელთაძის გოლი და დარცმელიას დებიუტი
ბექა მიქელთაძის და ბექა დარცმელიას ნიუკასლ ჯეტსმა ავსტრალიის ჩემპიონატი დრამატული გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა პირველ ტურში პერთ გლორი 2:1 დაამარცხა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: გამარჯვების გოლი სწორედ მიქელთაძემ გაიტანა და თანაც მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე! რაც შეეხება ბექა დარცმელიას: მას კარგი დებიუტი გამოუვიდა - ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 90-ე წუთზე შეცვალეს.
ალპინიზმი | ქართველებმა ოსკარი მოიგეს
ქართველი ალპინისტები, არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ამ სპორტის მთავარ ჯილდოს - 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებულები გახდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
📋 | ქართველი ალპინისტების უდიდეს წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
კლასიკო | ანჩელოტის და ჩავის კომენტარები
სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ალბათ ყველამ ნახეთ: რეალმა ბარსელონა 3:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა. მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარი მწვრთნელები, კარლო ანჩელოტი და ჩავი რადიკალურად განსხვავებულ ხასიათზე იყვნენ.
📋 | რა თქვეს ანჩელოტიმ და ჩავიმ კლასიკოს შემდეგ, წაიკითხეთ აქ.
ინგლისი | კლოპის და პეპის კომენტარები
გასულ უიკენდზე ტოპ-მატჩი იყო ინგლისშიც: ლივერპულმა მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ეს სეზონში პირველი წაგებაა, ლივერპულმა კი ხასიათი გამოიკეთა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
📋 | რა თქვეს გვარდიოლამ და კლოპმა მატჩის შემდეგ, წაიკითხეთ აქ.
კომენტარები