Thumbnail

ჭიდაობა | შოთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ირანელ მეტოქეს შეხვდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი შოთაძემ ესპანეთში მიმდინარე ტურნირზე 3 მეტოქე დაამარცხა
  • კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭიდავეს აქვს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი შოთაძე (63 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა და 18 ოქტომბერს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში შოთაძემ აბერე ფეტენეს (ისრაელი) 8:0 სძლია, მეოთხედფინალში სომეხ ჰრაჩია პოღოსიანს აჯობა (3:1), ნახევარფინალში კი უკრაინელი მაკსიმ ლიუ 5:2 დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველი ფალავნის მეტოქე ირანელი იმან ჰოსეინ ხონ მოჰამადი იქნება.

გიორგი შოთაძე (63 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია ! ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში უკრაინელი მაქსიმ ლიუ დაამარცხა და ფინალში ირანელ იმან ჰოსეინ ჰონ მოჰამადის დაუპირისპირდება

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, October 17, 2022


ცნობისთვის, შოთაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ჭაბუკებში ევროპის 2-გზისა (2016 და 2017) და მსოფლიოს (2016) ჩემპიონია.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს აქვს. გიორგი შოთაძე (55 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ კენ მაცუის შეხვდება, ბექა მელელაშვილი (87 კგ.) კი უკრაინელ ვიტალი ანდრიოვიჩს გაეჯიბრება და თუკი მას აჯობა, ბრინჯაომდე კიდევ 2 ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება.

სამწუხაროდ, უკვე მედლების გარეშე დარჩნენ დავით სოლოღაშვილი (77 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.), დღეს კი მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.), ბექა გურული (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები