Thumbnail

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების შემდეგ მადრიდის რეალში უკმაყოფილო, წესით, არავინ უნდა იყოს - მთავარი ჯილდო ქარიმ ბენზემამ მოიგო, ტიბო კურტუა კი საუკეთესო მეკარედ დაასახელეს და ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადასცეს. “სამეფო კლუბის” კიპერმა ალისონს და ედერსონს აჯობა.

მიუხედავად ამისა, ბელგიელი ბოლომდე კმაყოფილი არ ჩანდა. კურტუამ არ დამალა, რატომ იყო ნაწყენი: მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ “ოქროს ბურთის” რეიტინგში საბოლოოდ “მხოლოდ” მე-7 ადგილზე გავიდა - მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და სამი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. კურტუამ აღნიშნა, რომ მეკარეებს, “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში, მინდვრის მოთამაშეებთან შედარებით თითქმის უშანსოდ არიან.

“გულახდილად რომ ვთქვა, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ მეკარემ “ოქროს ბურთი” მოიგოს,” - უთხრა კურტუამ ესპანურ ტელეკომპანია RTVE-ს, - “ცხადია, ბენზემამ მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ამით ყველანი ბედნიერები ვართ და ყველა ვეთანხმებით, მაგრამ როცა მეკარე ჩემპიონთა ლიგას და ჩემპიონატს იგებს, როცა ამ მეკარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი სეივებით იმარჯვებს… მხოლოდ მეშვიდე ადგილი? ასევე აღსანიშნავია, რომ ათ საუკეთესოში მცველიც ვერ მოხვდა.”

გაგახსენებთ: 30 წლის კურტუამ განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და 9 სეივით რეკორდიც დაამყარა. “სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ 5 საუკეთესოში მაინც ვიქნებოდი. სწორად გამიგეთ, მეკარეს არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე მე გავაკეთე. “ოქროს ბურთს”, როგორც წესი, თავდამსხმელები და შემტევები იგებენ,” - დასძინა კურტუამ.

მართლაც: მას შემდეგ, რაც “ოქროს ბურთი” გაიცემა, ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ ერთადერთ მეკარეს აქვს მოგებული. ეს 1963 წელს იმ ლევ იაშინმა შეძლო, რომლის სახელსაც დღეს საუკეთესო მეკარის კატეგორია ატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები