- ძიმისტარიშვილი, დიეგო ჩხიკვაძე, გურული და ქაცანაშვილი ფინალისთვის იჭიდავებენ
- მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს მედლის აღების შანსი სამ ქართველს აქვს
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებნენ, საქართველოს ნაკრების ერთბაშად ოთხმა წარმომადგენელმა კი ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), ბექა გურული (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) აგრძელებენ.
ძიმისტარიშვიმა, რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ჭაბუკებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალისტია, დილის სესიაში სომეხი ტიგრან მინასიანი (8:3) და იაპონელი კაიტო ინაბა (9:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ კერემ კამალს გაეჯიბრება.
23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2019 და 2021) და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2021) ჩხიკვაძე მსოფლიოს პირველობაში კვალიფიკაციიდან ჩაება, სადაც ინდოელ აშუ აშუს 8:0 სძლია, შემდეგ კი ნორვეგიელ ჰაავარდ იორგენსენსა (9:2) და უნგრელ იშტვან ვანჩასაც (3:1) აჯობა. ფინალის საგზურისთვის ის ირანელ სეიედ სოჰრაბის დაეჭიდება.
გურულმა, რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტი და ახალგაზრდებში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, მერვედფინალში მოლდოველი სემიონ ბრეკელი გაანადგურა (10:2), რასაც მეოთხედფინალში ყირგიზ ბეკსულტან ნაზარბაევთან მძიმე გამარჯვება (1:1-ზე ბოლოს აღებული ქულის წესით) მოჰყვა. ნახევარფინალში ბექას პირისპირ ხორვატი კარლო კოდრიჩი დადგება.
ქაცანაშვილმა, რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს (2019) და მსოფლიოს ვერცხლის (2019) პრიზიორი და ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოს (2016) პრიზიორია, დილის სესიაში 3 გამარჯვება იზეიმა: ესტონელ რიჩარდ კარელსონთან (3:1), თურქმენ აიბეგშაზადა კურაიევთანა (9:0) და იაპონელ იური ნაკაზატოსთან (5:1). ფინალის საგზურისთვის ქართველი ფალავანი ავსტრიელ მარკუს რაგინგერს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში დღეს ჩაება, თუმცა, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გიორგი ჩხიკვაძეა (72 კგ.). ის კვალიფიკაციაში შანტ ხაჩატრიანთან 5:8 დამარცხდა და ვინაიდან შემდეგ სომეხმა მოჭიდავემაც წააგო, რეპეშაჟში გადასვლაც ვერ მოახერხა.
თუ რამდენი ქართველი ფალავანი შესძლებს ფინალში გასვლას 4 ნახევარფინალისტიდან, საღამოს სესიაში გაირკვევა, დღესვე კი, მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედლები გათამაშდება და ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების სამ წევრს ვიხილავთ. გიორგი შოთაძე (63 კგ.) ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო გიორგი თოხაძესა (55 კგ.) და ბექა მელელაშვილს (87 კგ.) ბრინჯაოს აღების შანსი აქვთ.
კომენტარები