Thumbnail

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგები შეაფასა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი წარმატების მისაღწევად და შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გააკეთებს.

"ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჯგუფია. მოგვიწევს დაპირისპირება ტოპ ნაკრებებთან. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, წარმატებით ვიასპარეზოთ პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე", - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ წილისყრა ბუქარესტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი, ოთარ გიორგაძე უძღვებოდა. ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს ბუქარესტში გაიხსნება, ხოლო ფინალს 8 ივლისს, ბათუმი უმასპინძლებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები