- ბოსტონი 126:117 ფილადელფია | გოლდენ სტეიტი 123:109 ლეიკერსი
- სტეფ კარიმ 33 ქულა ჩააგდო და მოქმედ ჩემპიონს პირველი გამარჯვება მოუტანა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონი 2 მატჩით გაიხსნა და ერთ-ერთ მათგანს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ბოსტონი და ფილადელფია გაეჯიბრნენ, მე-3 მეოთხედის სტარტზე კი ერთმანეთს მარკუს სმარტი და ჯოელ ემბიიდი წაეკიდნენ და მათი გაშველება თანაგუნდელებს მოუხდათ.
ყველაფერი ასე მოხდა: ემბიიდმა ბურთის საკუთარ ფარზე მოხსნისას სმარტის ხელიც მოიყოლა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი პარკეტზე აღმოჩნდა. მარკუსს ის აე მოეწონა, რომ დაცემის შემდეგ ფილადელფიას ცენტრი თავზე დაადგა, მას ფეხზე მოქაჩა და ძირს დააგდო. ლამის გუნდური ჩხუბიც ამას მოჰყვა.
ინციდენტის შედეგად, სმარტმა პერსონალური და ტექნიკური ფოლები მიიღო, რამაც ის ძალიან უკმაყოფილო დატოვა.
“მოხსნაზე წავედი და ამაში გასაკვირი არაფერი იყო. მსაჯმა ფოლი დააფიქსირა და მეც ბრძოლა შევწყვიტე, მან კი ჩემი ხელი დაიჭირა და მის მოტეხვას შეეცადა. შედეგად, ტექნიკური ფოლი მხოლოდ მე მივიღე. ეს ყველამ ნახა. ეპიზოდი კიდევ რომ გამეგრძელებინა, ალბათ, გამაგდებდნენ და 3-4 მატჩითაც დამსჯიდნენ. წლის საუკეთესო მცველს ასე ექცევით? მოთმინება გამოვიჩინე, თორემ თავს გავუტეხავდი”.
საბოლოოდ, სმარტმა თამაში 14 ქულითა და 7 პასით დაასრულა, მატჩის გმირები კი ჯეილენ ბრაუნი და ჯეისონ ტატუმი გახდნენ, რომელთაც 35-35 ქულა ჩააგდეს. ამ უკანასკნელს აქტივში 12 მოხსნაც ჰქონდა. ეს პირველი შემთხვევა იყო უილტ ჩემბერლენისა და ჯერი უესტის შემდეგ, როდესაც ერთი კლუბის ორმა კალათბურთელმა თამაშში 35 ან მეტი ქულა ჩააგდო. ამ ფონზე გადაიფარა ჯეიმს ჰარდენის მონაგარი, რომელსაც ლამის სამმაგი დუბლი (35 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი) მიითვალა, ხსენებულმა ემბიიდმა კი 26 ქულას 15 მოხსნა წაამატა.
დღის მე-2 მატჩში ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო – 123:109. სტეფ კარიმ პირველივე თამაშში გვაჩვენა, რომ ამ სეზონშიც შეუჩერებელი იქნება. მის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა იყო.
მოწოდების სიმაღლეზე იყო ლეიკერსის ვარსკვლავთა ტრიოც, თუმცა, მათი გარჯა ფავორიტის დამარცხებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ლებრონ ჯეიმსმა 31 ქულას 14 მოხსნა წაამატა, ენდონი დევისმა 27 ქულა ჩააგდო, რასელ ვესტბრუკის მონაგარი კი 19 ქულა და 11 მოხსნა იყო.
ვთქვათ ისიც, რომ ლეიკერსთან მატჩის წინ ჩეიზ ცენტრში უორიორსის კალათბურთელებისთვის საჩემპიონი ბეჭდების გადაცემის ცერემონიალი შედგა, რომელშიც მონაწილეობა გუნდის ყოფილმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტმა წინა სეზონის გადამწყვეტ სერიაში ბოსტონს 4:2 სძლია და NBA-ს ჩემპიონობა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მეოთხედ მოიპოვა.
კომენტარები