Thumbnail
  • NBA კიდევ უფრო დაბალანსებული და რთულად პროგოზირებადი გახდა
  • ბოსტონს, გოლდენ სტეიტს და ბრუკლინს შიდა ორგანიზაციული პრობლემები აქვთ
  • მილუოკიმ და ფილადელფიამ შემადგენლობები და სათამაშო სისტემა შეინარჩუნეს
  • რთულად პროგნოზირებადია რა მოხდება ლეიკერსსა და ბრუკლინში
  • მემფისი მომავლის გუნდია

წინასასეზონო პერიოდი, რომელიც მშვიდი უნდა ყოფილიყო და რომელიც ერთ დიდ სიგიჟედ იქცა, დასრულდა. ეს იყო პერიოდი კევინ დურანტის ისტერიკით, იმე უდოკას დისკვალიფიკაციით, დრეიმონდ გრინის მუშტებითა და საინტერესო ტრეიდებით. ახალი სეზონის წინ ბევრი კითხვა და დიდი ინტრიგა იყო.

NBA წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო დაბალანსებული, თანაბარი და არაპროგონიზირებადი ხდება. წავიდა ის დრო, როცა სეზონის სტარტზევე ვიცოდით, რომ ფინალებში ერთმანეთს ლებრონის და კარის გუნდები შეხვდებოდნენ. ზაფხულის სიგიჟეები თუ მოულოდნელობები ამ სეზონს კიდევ უფრო ნაკლებად პროგნოზირებულს ხდის.

მთავარი ფავორიტები

გოლდენ სტეიტი

წინა სეზონში გოლდენ სტეიტის ჩემპიონობის ცოტას თუ სჯეროდა. უორიორსმაც იმ ცნობილი ამერიკული გამოთქმის არ იყოს, ყველას გვანახა, რომ ნაღდი ჩემპიონების ჩამოწერა არასოდეს შეიძლება.

სტივ კერის გუნდმა საჩემპიონო შემადგენლობა სრულად შეინარჩუნა და დასავლეთშიც ყველაზე სტაბილურ ძალად სწორედ კარი და კომპანია გამოიყურებიან. თუმცა, სტივ კერმა დაკარგა სკამიდან რამდენიმე მოთამაშე (მაგალითად, გარი პეიტონ უმცროსი), რომლებიც უორიორსს საჭირო წუთებით ამარაგებდნენ. ახლა, საჩემპიონო ამბიციისთვის ამ წუთების თავის თავზე აღება ძალიან კარგ ახალგაზრდებს მოუწევთ. ეს წარმოუდგენელი სცენარი საერთოდ არ არის: გოლდენ სტეიტს კარგი ბიჭების აღმოჩენა და ამ ბიჭების სოლიდურ მოთამაშეებად ქცევის კარგი სკოლა აქვს. ამ ახალგაზრდებთან ერთად სტივ კერს სათადარიგო ხუთეულში დონტე დი ვინჩენცოც დაემატა, რაც პერიმეტრსა და უკანა ხაზში მნიშვნელოვანი ძალაა.

უფრო რთული ამბავი კლუბის მენეჯმენტში ხდება. NBA-ს წესები სუპერგუნდების შექმნას ართულებას. წინა წელს მფლობელებს საჩემპიონო შემადგენლობა ძალიან ძვირი უჯდებოდათ და სახელფასო ჭერის მიღმა დამატებით ათეულობით მილიონს იხდიდნენ. გოლდენ სტეიტის სკამიც ამას შეეწირა. ამ სეზონის წინ საქმე უფრო გართულდა. დრეიმონდ გრინს, ენდრიუ უიგინსსა და ჯორდან პულს შორის უორიორსს ახალი კონტრაქტისთვის საკმარისი თანხები მხოლოდ ორისთვის ჰქონდა. წინა კვირაში ახალი კონტრაქტები უიგინსმა და პულმა მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გრინი, რომელიც გოლდენ სტეიტის დაცვის ლიდერი და მისი სული და გული იყო, უდიდესი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ გუნდიდან უნდა წავიდეს. თითქმის გამორიცხულია, რომ ის მისი კლასისა და კალიბრისთვის შეუფერებლად მცირე კონტრაქტს დათანხმდეს.

გოლდენ სტეიტის მთავარი გამოწვევა გრინის საკითხის გადაწყვეტაა

ასაკიდან გამომდინარე, უორიორსის გათვლა გასაგებია, თუმცა გრინის ხასიათის და გავლენის მქონე კაცის უკმაყოფილოდ დატოვება გუნდის გასახდელში ნელი მოქმედების ბომბი შეიძლება იყოს. ამის პირველი შედეგები ორიოდე კვირის წინ ვნახეთ, როცა გრინმა ჯორდან პულს სახეში გაარტყა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ გუნდის შიგნით ძალიან დელიკატური სიტუაციაა. უორიორსი ძალიან გამართული ორგანიზაციაა და შეეცდება, ამ სეზონის განმავლობაში გრინის ამბიციები მაქსიმალურად მართოს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. დრეიმონდის საკონტრაქტო სიტუაცია მოქმედი ჩემპიონებისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა.

სხვა მხრივ, სტივ კერის გუნდი იმას იზამს, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის - კარი ჩააგდებს სეზონის განმავლობაში 300 სამიანს და ზოგადად, კარი-კლეი-პულის უკანა ხაზი შეუჩერებელი იქნება. ენდრიუ უიგინსი თავის თავზე აიღებს მეტოქის საუკეთესი ჩამყრელების მეურვეობას, შეასრულებს დიდ შავ სამუშაოს და გუნდს ყველა ძირითად კომპონენტში დაეხმარება, გრინი კი იქნება დაცვის და გასახდელის ლიდერი. ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის ეს ნაცადი ფორმულაა.

მემფისი

თუკი გოლდენ სტეიტს შარშან ვინმესთან ძალიან, მართლა ძალიან გაუჭირდა, ეს მემფისი იყო. პროვინციულ ქალაქში ჯა მორანტი და მემფისის ამბიციური ახალგაზრდები დიდი მიზნებისთვის იბრძვიან. ვისაც ის სერია ახსოვს, დამეთანხმება, რომ საერთო ანგარიში (4:2) გოლდენ სტეიტის რეალურ პრობლემებს ნამდვილად არ ასახავს. უორიორსი ბეწვზე გადარჩა, რომ ორი მატჩის თავზე 0:2 არ ჩამორჩა. გასულ სეზონში მემფისის შეტევა თამაშში 115.6 ქულით მეორე ადგილზე იყო მთელს ლიგაში, ხოლო დაცვა მხოლოდ 109 მიღებული ქულით, ლიგის 30 გუნდს შორის - მეოთხე. დაცვაშიც და შეტევაშიც საუკეთესო ხუთეულში ყოფნა ნებისმიერი მწვრთნელის და ორგანიზაციის ოცნებაა.

წელსაც, მემფისის აგრესიული, ათლეტური და დინამიური სტილის წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. ლიგის ყველაზე სწრაფ გუნდებს შორის გრიზლები მატჩში 100 პოზიციით მესამე ადგილზე არიან.

ჯა მორანტი სუპერვარსკვლავია, დესმონდ ბეინი, დილონ ბრუკსი, ჯარენ ჯეკსონ უმცროსი და სხვა ახალგაზრდები მხოლოდ უკეთესები გახდებიან. მემფისს ახლა პლეიოფური ომების კლასი და გამოცდილებაც მეტი აქვს. თუ უორიორსმა მემფისი შარშან რამეში დაჩაგრა, პირველ რიგში ეს სწორედ კლასი და გამოცდილება იყო. მემფისი წელსაც ის გუნდია, თავისი ქალაქის თუ შტატის მიღმა ცოტა ვინმე თუ უყურებს, მაგრამ პლეიოფში მასთან თამაში არავის მოუნდება. სახიფათო და აგრესიული შემადგენლობაა. მემფისს დიდი მომავალი აქვს, მთავარი კითხვაა - ეს მომავალი უკვე ხომ არ დადგა?!

ჯა მორანტს და მის მემფისს ლიგაში დიდი ამბიცია აქვთ

კლიპერსი

თუკი გოლდენ სტეიტის გარდა დასავლეთში მთავარ ფავორიტებზე ვსაუბრობთ, ვერ გამოვტოვებთ მრავალტანჯული ლოს ანჯელეს კლიპერსს. კლიპერსის მიმართ გულშემატკივარს ყოველთვის სამართლიანი ეჭვები და სკეპტიციზმი აქვს. ეს საჩემპიონო ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა, თუმცა, ამ სეზონს კლიპერსი ჯანმრთელი კავაი ლეონარდით და პოლ ჯორჯით ხვდება და ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ტაი ლუს სახით, კლიპერსს ჰყავს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი საჩემპიონო გუნდის მშენებლობის გამოცდილებით და ძალიან ღრმა და დაბალანსებული შემადგენლობა.

ნორმან პაუელი, რობერტ კოვინგტონი, მარკუს მორისი, ნიკოლა ბატუმი და ჯონ ვოლი ტაი ლუს საშუალებას აძლევენ, რომ პარკეტზე ნებისმიერ დროს ხუთი დიდი და დინამიური მოთამაშე ჰყავდეს. ეს კი ძალიან მრავალმხრივად თამაშის შესაძლებლობას ნიშნავს.

ბოსტონი

თუკი ბოლო ბევრი წელი დასავლეთ კონფერენცია სამართლიანად მიიჩნეოდა უფრო ძლიერად და დაბალანსებულად, ახლა აქცენტები შეცვლილია. ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები უფრო მეტი რაოდენობით აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობენ. მათ შორის უპირველესი შარშანდელი ფინალისტი ბოსტონ სელტიკსია. ბოსტონმა წინა სეზონში აჩვენა, რომ ჩემპიონობისთვის უკვე მზად არის. მოსალოდნელია, რომ ტეიტუმი-ბრაუნის ახალგაზრდული და ვარსკვლავური დუეტი წელს კიდევ უკეთესი გახდება. ყველა ძირითად დაცვით კომპონენტში სელტიკსი საუკეთესოა. შარშან მიღებული ქულების რაოდენობით ბოსტონი ლიგაში საუკეთესო იყო, დაცვაში ეფექტურობით კი - მეორე ადგილზე გავიდა.

სამაგიეროდ, სუპერფინალებმა აჩვენა, რომ ბოსტონს პლეიოფების მძიმე და დაცვით თამაშებში მეტოქის ელიტური დაცვის წინააღმდეგ ჩაყრა უჭირდა. გუნდი 100 ქულამდეც კი იშვიათად ადიოდა.

ნომინალური გამთამაშებელი მარკუს სმარტი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუმცა ბურთის გათამაშება, ტემპის კონტროლი და სროლების შექმნა მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის. ნელ თამაშში სელტიკსის მთელი შეტევა "რას მოფიქრებს ჯეისონ ტეიტუმი?" კითხვამდე მიდიოდა. ეს კი საუკეთესო კალათბურთი ნამდვილად არ არის.

როგორც ყოველთვის, ბოსტონმა წინასასეზონო პერიოდში სამაგალითოდ იმუშავა და გუნდს მალკოლმ ბროგდონი დაუმატა, თანაც ისე, რომ თავისი შემადგენლობის არცერთ მნიშვნელოვან ელემენტს არ შეელია. მილუოკის ბროგდონი, მის ტრავმებამდე, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო გარდი იყო - სწრაფი და ათლეტური. ბურთის მოძრაობა და სროლების შექმნაც ეხერხებოდა და თავადად მაგრად ყრიდა. წინა წელს, ინდიანაში ბროგდონი თამაშში 19.1 ქულას აგდებდა.

მან თავისი უწინდელი შესაძლებლობების 80 პროცენტზეც რომ ითამაშოს, სელტიკსი შეტევაში არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ბროგდონის 15-20 ქულასთან ერთად ბოსტონს შეუძლია აბსოლუტურად შეუჩერებელ ძალად იქცეს მოედნის ორივე ნახევარზე.

სელტიკსს პერიმეტრიდან სტაბილურად სროლაც უჭირდა. მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბროგდონთან ერთად (სამქულიანების კარიერული 46%),  ვეტერანი დანილო გალინარიც დაიმატეს. მოკლედ, ბოსტონმა იდეალურად იმუშავა და ბუქმეიქერები სწორედ ამ გუნდს მიიჩნევდნენ ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად, იქამდე სანამ მოულოდნელმა ამბავმა მთელი ორგანიზაციის გეგმები არ არია.

იმე უდოკამ, სელტიკსის მთავარ მწვრთნელმა და ბოსტონის დაცვითი იდენტობის მთავარ შემოქმედმა, ორგანიზაციის შიგნით რომანი გააბა ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრთან. პირადი და საქმიანი ურთიერთობების მკაცრი გამიჯვნა სელტიკსის ორგანიზაციის და ზოგადად, ამერიკული სამუშაო ეთიკის, ერთ-ერთი მთავარი წესია. ბოსტონმაც გამონაკლისი არ დაუშვა და უდოკას ორგანიზაციის შიდა რეგულაციების დარღვევისთვის სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცა. ახლა, გუნდს მისი თანაშემწე ჯოი მაცულა უხელმძღვანელებს.

უდოკას გარეშე სელტიკსს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს

უდოკას გარეშე ძალიან რთულია ბოსტონის საჩემპიონო შანსებზე მსჯელობა. გარდა ამისა, ტრავმა გაურთულდა სელტიკსის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს, ახალგაზრდა ცენტრს რობერტ უილიამსს და გუნდის, ტრავმის გამო, პრაქტიკულად, მთელი სეზონით გამოაკლდა ახლად დამატებული დანილო გალინარი.

ბოსტონი მაინც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა ახლა "კელტების" რეალობა ბევრად უფრო რთულად და ბუნდოვნად გამოიყურება, ვიდრე ეს სულ რამდენიმე კვირის წინ იყო.

ფილადელფია

იმ პირობებში, როცა წინა სეზონის ფინალისტებს - გოლდენ სტეიტსა და ბოსტონს, შიდა პრობლემები აწუხებთ, ხოლო ბრუკლინში, ლეიკერსსა და ფინიქსში (მათზე ქვემოთ მოგიყვებით) კაცმა არ იცის, რა ხდება, განსაკუთრებით ფასდება იმ ორგანიზაციების შანსები, რომელთაც სტაბილურ, მშვიდ პირობებში შეძლეს ახალი სეზონისთვის მომზადება.

ერთ-ერთი ასეთი ფილადელფია სიქსერსია. ფილადელფიას ჰყავს ჯოელ ემბიიდი (ალბათ, ლიგის საუკეთესო ცენტრი ნიკოლა იოკიჩთან ერთად), რომელიც კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს. ეს უკვე სერიოზული განაცხადია.

წინა სეზონში მათ ჯეიმს ჰარდენიც დაემატათ. ემბიიდისგან განსხვავებით, ჰარდენის საუკეთესო წლები ალბათ, ჩავლილია. მისი ფიზიკური ფორმა და სავარჯიშო დისციპლინა ბევრ კითხვას აჩენს. თავად ჰარდენიც და ამერიკული წყაროებიც ამტკიცებენ, რომ მან ამ ზაფხულში თავის თავზე ბევრი იმუშავა და საუკეთესო ფორმას მიუახლოვდა. თუ ეს ასეა, მაშინ ფილას საჩემპიონო შანსები ძალიან სოლიდურად უნდა შეფასდეს. დოკ რივერსს ორი სუპერვარსკვლავი ეყოლება, როგორც წინა, ასევე -  უკანა ხაზში. აქამდე, სიქსერსს პლეიოფებში ელიტური დაცვის წინააღმდეგ ემბიიდის გარშემო სივრცის შექმნა, სამქულიანები და ბურთის მოძრაობა უჭირდა ანუ გამთამაშებლის საქმე. ფილას ვარსკვლავური გამთამაშებელი დიდი ხანია არ ჰყოლია. თანაც, მატჩში მხოლოდ 96 პოზიციით ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდია (26-ე პოზიცია NBA-ში).

ახლა, ჰარდენთან ერთად, დოკ რივერსს შეუძლია ამ კომპონენტებზე აღარ იღელვოს. თუკი ჰარდენი ჰიუსტონის დროინდელი ფორმის თუნდაც 80%-ს მიუახლოვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამქულიანებსა და ზოგადად, პერიმეტრიდან შეტევაზე მწვრთნელს შეუძლია ნაკლები იდარდოს. თავის ბრუკლინურ პირველ სეზონში ჯეიმსმა კარგად აჩვენა, თუ უნდა, რამდენად კარგად შეუძლია საუკეთესო ჩამყრელებთან ერთად თანაარსებობა, მათთვის სროლების შექმნა და ზოგადად, გამთამაშებლის ფუნქციების თავის თავზე აღება.

ჯეიმს ჰარდენის სათამაშო ფორმა ფილადელფიასთვის ამ სეზონში ბევრ რამეს გადაწყვეტს

რივერსს ვარსკვლავურ დუეტის გარდა პროგრესირებადი ტაირის მაქსი ჰყავს, ხოლო პლეიოფური გამოცდილების მქონე ფი ჯეი ტაკერი და ტობაის ჰარისი, დოკს სოლიდური როტაციის საშუალებას აძლევენ.

მოკლედ, თუ ჰარდენს კიდევ შეუძლია ვარსკვლავური კალათბურთის თამაში, ფილა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. სხვა გზა არც არის, ემბიიდის, საუკეთესო სეზონებს მოფრთხილება სჭირდება.

მილუოკი

თუ რისკებსა და სხვა სავარაუდო სცენარებს გვერდზე გადავდებთ, ყველაზე სტაბილურად და გარანტირებულად ჩემპიონობისთვის იანისი და მისი მილუოკი იბრძოლებენ. მილუოკის აქვს საჩემპიონო გამოცდილება, წლებია ერთი სისტემით და ერთი შემადგენლობით თამაშობს, ჰყავს იანისი და ჯრუ ჰოლიდეი-კრის მიდლტონის დუეტი მეორე-მესამე ვარსკვლავის სახით. შარშანწინ მილუოკი ჩემპიონი იყო, შარშან კი პლეიოფში კრის მიდლტონის გარეშე მოუწია თამაში და პლეიოფური წარუმატებლობაც ამ მიზეზით უნდა აიხსნას.

ბუდენჰოლცერმა თითქმის არაფერი შეცვალა და ნაცად სისტემას და გუნდს ენდო. ამიტომაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილუოკი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ფილადელფიას, ბრუკლინის, ბოსტონის და თუნდაც გოლდენ სტეიტის შემთხვევაში არსებობს "თუ-ები" (თუ ჰარდენი ძველებურად ითამაშებს ან თუ უდოკას ან გრინის საკითხს გადაჭრიან), ხოლო მილუოკის ასეთი პრობლემა არ აქვს. სამაგიეროდ ჰყავს ძალიან კარგი დაცვა და აქვს სტაბილური სისტემა შეტევაში, ეს კი, ჩემპიონობისთვის ბრძოლის გარანტიაა.

კაცმა არ იცის რა იქნება...

ზაფხულში მიმდინარე ცხელმა ამბებმა ბევრი გუნდის შიდა საქმეები არია. იმდენად, რომ მტკიცებითი ფორმით რამეზე მსჯელობა ძალიან რთულია. ასეთ გუნდებს შორის პირველი და უპირველესი ბრუკლინ ნეთსია. ერთის მხრივ, ბრუკლინს ალბათ ისევ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მეორეს მხრივ, არ გააჩნია შიდა ორგანიზაციული სამუშაო კულტურა და აწყობილი სისტემა. ეს არის ქაღალდზე კარგი შემადგენლობა, თუმცა არ არის კარგი გუნდი. კარგი კი არა, ამ ეტაპზე საერთოდ გუნდი არ არის. ამ ზაფხულს დურანტის მიერ ტრეიდის მოთხოვნამ სიტუაცია მხოლოდ გაართულა.

გამორიცხულია, რომ გაბრაზებულმა დურანტმა ერთ-ერთ საუკეთესო, სეზონი ითამაშოს?!  კაირი ირვინგი რომ კალათბურთზე გულს მოიბრუნებს და საკონტრაქტო წელს ისე ჩაატარებს, რომ თავისი სუპერვარსკვლავური სტატუსი შეინარჩუნოს, ამას ხომ უშვებთ? ბენ სიმონსი რომ თავის თავზე აიღებს დაცვას, ირვინგი-დურანტისთვის სროლების შექმნას და დაბალ ხუთეულში იდეალური ცენტრი ან მძიმე ფორვარდი იქნება, ლოგიკური არ არის? ჯო ჰარისი, სეტ კარი და პატი მილსი რომ კაირი-დურანტის გარშემო თამაშის თავისუფლებით ისარგებლებენ და უთვალავ სამქულიანს ჩააგდებენ, ესეც პროგნოზირებადი არ უნდა იყოს? ქაღალზე ბრუკლინს შეუძლია ლიგაში საუკეთესო შეტევა ჰქონდეს.

არ არსებობს ლიგაში დურანტი-ირვინგის დუეტზე რთულად პროგნოზირებადი ხალხი

თუმცა, ამ სცენარში ძალიან ბევრი თუა. საპირისპირო სცენარსაც მოგიყვებით: დურანტი იღებს ტრავმებს, ორგანიზაციასა და მწვრთნელზე გაბრაზებული უგულოდ თამაშობს, ანდაც მხოლოდ თავის, პირად სტატისტიკაზე ზრუნავს, ეს ყველაფერი შუა სეზონშივე ახალ ტრეიდზე საუბრით სრულდება. ამას გამორიცხავთ? კაირისგან რაიმე ახალი ექსტრავაგანტული გამოხდომას არ უნდა ველოდოთ? ბრუკლინს რომ სუსტი მწვრთნელი ჰყავს, სოლიდური ცენტრის გარეშე უწევს თამაში და დაცვაში ღია კარის დღე ექნება, ამას არ ელით? მოკლედ, კაცმა არ იცის, რა იქნება. ბრუკლინში მართლა ასეთი სიტუაციაა. ამ გუნდის ჩემპიონობას ვერ გამოვრიცხავთ და შუა სეზონში ტრეიდები, ტრავმები, მწვრთნელის გაშვება, ისტერიკები, ფლეიინის ტურნირი ან პლეიოფების დასაწყისში უსახელო გავარდნაც მოსალოდნელია.

ორგანიზაციულ დონეზე უფრო გამართულად გამოიყურება, თუმცა სათამაშო თვალსაზრისით ბევრი კითხვები არსებობს NBA-ს ყველაზე პოპულარული გუნდის ლოს ანჯელეს ლეიკერსის ბანაკშიც. ლეიკერსი ვერაფერს უშვება ვესტბრუკის საკითხს - მისი ტრეიდი არ გამოდის, არც მის არსებულ სათამაშო სისტემაში ინტეგრაციაა რეალისტური ამოცანა. ახალი მწვრთნელი დერვინ ჰემი რასელს სათადარიგო ხუთეულში ხედავს, სადაც მას შეეძლება მოედანზე 15-20 წუთის განმავლობაში ძალიან აგრესიული თამაშით შეტევა თავის თავზე აიღოს.

თუმცა, ვესტბრუკის საჩემპიონო ან თუნდაც სერიოზული პლეიოფური ამბიციის მქონე გუნდში თამაში, ძალიან საეჭვო სცენარია. ბევრ კითხვას იწვევს, თუ რას და როგორ შეძლებს თავად ჰემი. ენტონი დევისის პრობლემური ჯანმრთელობაც ასევე რთულად პროგნოზირებადი საკითხია. ასე რომ ლეიკერსისგან, რას უნდა ველოდოთ, ასევე ძალიან რთული სათქმელია.

თუკი მილუოკიში დაცვითი სისტემების სპეციალისტმა დერვინ ჰემმა შეძლო ხარისხიანი დაცვის აწყობა და ჯანმრთელი ლებრონი-დევისის დუეტის ფონზე ვესტბრუკის საკითხი გადაჭრა, მაშინ საჩემპიონო თუ არა, სერიოზული საპლეოფო ამბიციები კალიფორნიელებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ. თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ დევისის პრობლემური ჯანმრთელობა, ლებრონის ასაკი, ვესტბრუკის გაურკვეველი სათამაშო ფუნქცია და სტატუსი, ჰემის გამოუცდელობა და დანარჩენი მოთამაშეების ართცთუ მაღალი დონე ლეიკერსს ცხრილის შუაგულში მოაქცევს.

მეორე ეშელონი

NBA-ში ძირითადი ფავორიტების მიღმაც ბევრი ძალიან კარგი გუნდია. ისეთი, რომ რთული სათქმელია, მაგალითად, ჩვენს მიერ ფავორიტების კატეგორიაში შეყვანილმა ფილადელფიამ მაიამის რატომ უნდა მოუგოს, ან კლიპერსი დალასს ან დენვერს რატომ აჯობებს. წლიდან წლამდე ასეთი გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და წელსაც მათგან ბევრს უნდა ველოდეთ. NBA დემოკრატიული ლიგაა, მოგების შანსს ყველას აძლევს.

ნიკოლა იოკიჩმა ორი MVP-ს დონის სეზონით დენვერი პლეიოფების სტაბილურ მონაწილედ აქცია. ახლა, იოკიჩს დაუბრუნდა ტრავმირებული ჯამალ მარეი, რომელმაც წელიწადზე მეტი გამოტოვა. მარეი-იოკიჩის დუეტთან ერთად დენვერს შეუძლია ჩემპიონობაზეც იოცნებოს.

ლუკა დონჩიჩის დალასმა შარშან მოულოდნელად კონფერენციის ფინალამდე მიაღწია. ამ წელს ჯეისონ კიდმა ჯეილენ ბრუნსონი დაკარგა, თუმცა, ლუკას გვერდში სპენსერ დინვიდი ჰყავს და რაც მთავარია, ჯეისონ კიდის სისტემაში დალასი დაცვაში ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება (წინა წელს მეორე ადგილი მთელს ლიგაში მიღებული ქულებით და მეშვიდე დაცვის ეფექტურობით). კიდმა დალასის იდენტობა შეცვალა და დაცვით გუნდად აქცია, დაცვა კი პლეიოფში წარმატების მთავარი ფუნდამენტია.

რობერტ სერვერს ფინიქსის გაყიდვა მოუწევს

დასავლეთში ბოლო ორი წელია დიდ ამბიციებს შეგვაჩვია ფინიქსმა. სწორედ ამ გუნდში გაშვებას ითხოვდა კევინ დურანტი. კევინის ნაცვლად ფინიქსმა მფლობელ რობერტ სერვერთან დაკავშირებული სკანდალი მიიღო. NBA-ს მას რასიზმს ედავება და დისკვალიფიკაციაც მისცა. ლიგის შიდა წრეებში უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სერვერი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე კარგი კაცია. ახლა, ის სანსის გაყიდვას აპირებს. ეს სკანდალი და მფლობელის პოტენციური შეცვლა, არ შეიძლება გუნდზე კარგად აისახოს. ზოგადად, ისეთი განცდა ჩნდება, რომ ფინიქსმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის მისთვის ხელსაყრელი ფანჯარა ხელიდან უკვე გაუშვა. კრის პოლი კიდევ ერთი წლით უფროსია, თუმცა სანსმა შეინარჩუნა დეანდრე ეიტონი და მისი სათამაშო სისტემა. ასე რომ ფინიქსის ბოლომდე ჩამოწერაც არ გამოვა.

აღმოსავლეთში ასეთი უხერხული გუნდი, რომელსაც მუდამ დიდი მიზნები აქვს, ერიკ სპოელსტრასა და პატ რაილის მაიამია. ჰითი ვერ გაძლიერდა, მეტიც ფი ჯეი ტაკერი დაკარგა და ახლა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სტაბილური ოპცია საერთოდ არ ჰყავს, თუმცა ამ გუნდის დაცვითი სისტემის, ორგანიზებულობის, შიდა დისციპლინის და გამოცდილების გათვალისწინებით, მისი სრულად ჩამოწერა არ გამოვა. მაიამი ყოველთვის უკანა პლანის ფავორიტია - ზუსტად ვიცით, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და კიდევ უფრო მეტს, ისინი მაინც აჩვენებენ. ორი წლის წინ ეს მაქსიმუმი სუპერფინალში გასვლას ეყო. ვნახოთ, წელს რა იქნება.

საინტერესო გუნდები

NBA-ში რამდენიმე გუნდია, რომლებიც საჩემპიონო დავაში, ალბათ, ვერ ჩაერთვებიან, თუმცა მათი ყურება ნამდვილად ღირს. პროვინციულმა კლივლენდმა შარშან დარიუშ გარლანდითა და კარგი შედეგებით გაგვაოცა. ახლა, კავალიერსმა დონოვან მიტჩელიც დაიმატა. მიტჩელი-გარლანდის დუეტი ძალიან საინტერესოდ საყურებელი იქნება. კლივლენდს შეუძლია აღმოსავლეთ კონფერენციის მემფისად იქცეს.

საინტერესო ამბები ხდება დასავლეთითაც, კიდევ ერთ ღრმა საკალათბურთო პროვინცია, მინესოტაში. ტიმბერვულვზს ძალიან უნდა, რომ კარლ ენტონი თაუნსის გარშემო კონკურენტული გუნდი შექმნას. სწორედ ამიტომ თაუნსსა და დეანჯელო რასელს ლიგის საუკეთესო მცველი რუდი გობერიც დაემატა. გობერი მინესოტას პრობლემურ დაცვას სოლიდურობას მისცემს. ზოგადად, საინტერესო წამოწყებაა - დაბალი ხუთეულების ლიგაში მინესოტა ფონს გასვლას პარკეტზე ერთდრულად 2-3 ცენტრითა და სიმაღლით ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები