Thumbnail
  • სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლი სტუმრად რომას დაუპირისპირდება
  • ჟოზე მოურინიოსთვის მთავარ საფრთხეს ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს
  • 'გაძეტა დელო სპორტი' სწორედ კვარას შესაჩერებელ გეგმაზე წერს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლი რომას სტუმრად დაუპირისპირდება და "გაძეტა დელო სპორტი" დღევანდელ ნომერში წერს, რომ რომაელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად სპეციალურ გეგმას ამზადებს.

მილანური გაზეთის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს ნიდერლანდელ მარჯვენა მცველ რიკ კარსდორპს, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა.

"გაძეტას" აზრით, კარსდორპი კვარას წინააღმდეგ სათამაშოდ იდეალური ვარიანტია. მან დაცვა კარგად იცის და გაცილებით უკეთესია, ვიდრე პოლონელი უკანახაზელი ნიკოლა ზალევსკი, რომელიც უფრო მეტად შემტევი მცველია.

კვარაზე განსაკუთრებული აქცენტი უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა

"ქართველმა უკვე აჩვენა, რომ საზღვრები არ აქვს და ფაქტობრივად, ყველა თამაშში გამორჩეული იყო. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ მოურინიოს მოუწევს B გეგმის მომზადებაც, რადგან კვარაცხელია თავის ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ყოველთვის ქმნის. ის არ არის უბრალოდ გარემარბი, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და დარტყმისთვისაც მუდამ მზადაა. მოურინიოს 'ხაფანგი' კარსდორპით დაიწყება, მაგრამ მას აუცილებლად დასჭირდება ცენტრალური მცველის ჯანლუკა მანჩინის დახმარებაც", - წერს ‘გაძეტა დელო სპორტი’.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია (14 მატჩი, 12 მოგება, 2 ფრე), ბოლო 10 შეხვედრა ზედიზედ მოიგო, ხოლო სერია A-ს 26 ქულით ლიდერობს. შორს არც რომაა, რომელსაც 22 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. ეს გუნდები "სტადიო ოლიმპიკოზე" 23 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 14 თამაშში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები