Thumbnail
  • აბუ დაბის გრანდ სლემი 21-23 ოქტომბერს ჩატარდება და იქ 13 ქართველს ვიხილავთ
  • შარშან საამიროებში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი იყო ჩასული და ბრინჯაო მოიპოვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 2022 წლის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირში კაცებში 11 წარმომადგენელი გვეყოლება, ქალებში კი მხოლოდ – 2.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძეცა და გიორგი სარდალაშვილიც მე-2 წრეში არიან დაშვებულნი. ნოზაძე მოლდოველი ალექსანდრუ ტირსინასა და ფრანგი რიშარ ვერნეს შორის გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო სარდალაშვილის მეტოქე მატან კოკოლაევი (ისრაელი) იქნება.

საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება 66 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც. ბაგრატ ნინიაშვილი მე-2 რაუნდში პოლონელ პატრიკ ვავრჟიჩეკს დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი თუთაშვილის პირველი მოწინააღმდეგე ყაზახი იესეტ კუანოვია.

73 კგ-ში გიორგი ტერაშვილი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადესა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, 81 კგ-ში კი გიორგი ახალკაცი მე-2 რაუნდში უკრაინელ ჰევორჰ მანუკიანს შეხვდება.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი განთესვა აქვს ბექა ღვინიაშვილს და მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი იქნება, ხოლო უშანგი მარგიანის პირისპირ ჩინელი იადონ ქსიე დადგება.

აბუ დაბიში თბილისის გრანდ სლემის ფინალისტები გიორგი სარდალაშვილი და თემურ ნოზაძეც გამოვლენ

100 კგ-ში გიორგი ბერიაშვილი შეჯიბრში დანიელ მატიას მადსენთან შერკინებით ჩაებმება, ონისე სანებლიძე კი ძალებს ჩილელ ტომას ბრისენოსთან მოსინჯავს. მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ირაკლი დემეტრაშვილი ჩინელ რუიქსუან ლის შეხვდება.

ქალთა ტურნირში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ერთ-ერთი ფავორიტია და მე-2 წრეში გადა ალატეიკსა (საუდის არაბეთი) და ჯულია კაჯიანოს (იტალია) წყვილში გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემი 21-23 ოქტომბერს ჩატარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება: საამიროებში 65 ქვეყნის ოთხასზე მეტი ძიუდოისტის გამოსვლა იგეგმება.

განრიგის თანახმად, 21 ოქტომბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 22-ში – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 23-ში – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, შარშან აბუ დაბიში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) იყო ჩასული, რომელიც ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები