Thumbnail
  • ფილადელფია 88:90 მილუოკი | ლეიკერსი 97:103 კლიპერსი
  • ქართველ კალათბურთელს ბაქსის სასტარტო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ სეზონში პირველი მატჩი სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმაც ჩაატარა, თუმცა, ეს, ქართველი კალათბურთელის გარეშე გააკეთა.

მილუოკელები ფილადელფიაში სიქსერსს სტუმრობდნენ და 90:88 მოიგეს, მამუკელაშვილი კი გუნდის განაცხადში მოხვდა, თუმცა, იმ ოთხ მოთამაშეს შორის აღმოჩნდა, რომელთაც მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემიათ.

სანდრო მამუკელაშვილი ფილადელფიის Wells Fargo Center-ში

შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 23.8 წამით ადრე უეს მეტიუზმა ბაქსი 89:88 დააწინაურა, ფილადელფიელებმა კი გადამწყვეტი სროლა ჯეიმს ჰარდენს მიანდეს, თუმცა, ამან არ გაამართლა. მალევე, ბრუკ ლოპესმა ერთი საჯარიმოც გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტრადიციულად, მილუოკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბერძენი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 21 ქულას 13 მოხსნა და 8 პასი წაამატა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ხსენებულმა ჰარდენმა 7-დან 6 სამქულიანი ააცილა, თუმცა, მასაც ლამის ტრიპლ-დაბლი ჰქონდა: 31 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი. ორმაგი დუბლი (15 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალა ჯოელ ემბიიდმა, მაგრამ მის გარჯას წარმატებულს მაინც ვერ ვუწოდებთ, რადგანაც თამაშიდან 21-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა.

“ჯოელს უბრალოდ დანავსული დღე ჰქონდა. ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია. კარიერაში საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. ამასთან, მან გუნდს სარგებელი სხვა ასპექტებში მოუტანა. მაგალითად, ძალიან კარგი იყო დაცვაში“, - განაცხადა სიქსერსის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა.

მილუოკი ბაქსი მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც შინ ჰიუსტონ როკეტსს მიიღებს.

📺 ფილადელფია V მილუოკი

დღის მე-2 მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ლოს ანჯელეს კლიპერსს უმასპინძლა და კალიფორნიული დერბი 97:103 წააგო. ლეიკერსი მეტოქეს მოხსნებში 38:58 ჩამორჩა და 45 სამქულიანიდან მხოლოდ 9 ჩააგდო. მარცხის მიზეზი სწორედ ამ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.

“სროლისთვის ნამდვილად კარგი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა, არ გაგვიმართლა. ამის გამო თავდაჯერება არ უნდა დავკარგოთ. პერიმეტრიდან სროლა უნდა გავაგრძელოთ და ბურთი აუცილებლად ჩავარდება”, - აღნიშნა ენტონი დევისმა, რომელმაც მატჩი 25 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

საინტერესოა, რომ 27 წუთის განმავლობაში თამაშიდან 11-ვე ტყორცნა (6 სამქულიანი) ააცილა რასელ ვესტბრუკმა. 2017 წლის რეგულარული სეზონის MVP-ს თამაშიდან ნული ქულა ბოლოს 2016 წელს ჰქონდა. ამ ფონზე ლეიკერსს ვერც ლებრონ ჯეიმსისა (20 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი) და ლონი უოკერის (26 ქულა) შედეგიანმა თამაშმა უშველა.

რასელ ვესტბრუკმა თამაშიდან 11-ვე სროლა ააცილა

კლიპერსის წარმატების საფუძველი გუნდური თამაში გახდა. სტუმართა მხრიდან 8 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი ხორვატი ცენტრი ივიცა ზუბაცი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (14 ქულა, 17 მოხსნა) შეასრულა. 

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ყველა ვარსკვლავთა მატჩის 5-გზის მონაწილე კავაი ლეონარდმა. მან ტრავმა 2021 წელს იუტასთან საპლეიფო სერიაში მიიღო და 2021-22 წლების სეზონი სრულად გაუცდა. კავაი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21 წუთში 14 ქულა ჩააგდო.

📺 ლეიკერსი V კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები