- ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გეგელაშვილი, ელბაქიძე და გამყრელიძე აგრძელებენ
- ესპანეთში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოს აღების შანსს ინარჩუნებს ანდრო მარგიშვილი
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში სტარტი აიღო მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობითაა წარდგენილი.
ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე ვიხილეთ, რომელთაგან სამმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, ერთი კი რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.
გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ.), რომელიც ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (2017), ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, 23-წლამდელთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი და ახალგაზრდებში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, დილის სესიაში 2 გამარჯვება იზეიმა.
გეგელაშვილმა ანგოლელი ტადეუ დე დეუსი 10:0 გაანადგურა, მეოთხედფინალში კი ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰორსტ ლერი (გერმანია) 11:5 დაამარცხა. ნახევარფინალში გიორგის პირისპირ თურქი აჰმეტ დუმანი დადგება.
გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.), რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია ჭაბუკთა შორის (2016), მერვედფინალში შრი ლანკელ ლაჰირუ ვანაკუ ვატა ვადუგეს ოციოდ წამში 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ კანან ჰეიბატოვს 5:4 სძლია. ნახევარფინალში ელბაქიძის მეტოქე ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა ვლადიმერ გამყრელიძეც (79 კგ.), რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 23-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2021), ჭაბუკებში ევროპის ვერცხლისა (2017) და ბრინჯაოს (2018) პრიზიორია.
გამყრელიძემ კვალიფიკაციაში შვეიცარიელი ტანგუი დარბელაი 14:7 დაამარცხა, მერვედფინალში სომეხ არმან ავაგიანს 7:5 სძლია, მეოთხედფინალში კი ისრაელის ნაკრების წევრ ილან ბონდარს აჯობა – 4:0. ვლადიმერი ფინალის საგზურისთვის ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს გაეჯიბრება.
ანდრო მარგიშვილმა (97 კგ.), რომელიც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატების ფინალისტია, მეოთხედფინალში ამერიკელ რაიან სლოანთან 3:6 წააგო და თუკი ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართგველი მოჭიდავე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.
გია უგრელიძემ (65 კგ.) კვალიფიკაციაში ბელგიელ აიუბ მუსაევს სძლია (2:2-ზე მეტოქემ ტრავმა მიიღო), მერვედფინალში კი ამერიკელ კოულ მეტიუსთან 2:6 წააგო და ვინაიდან შემდეგ ეს უკანასკნელიც დამარცხდა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საღამოს სესია სტარტს თბილისის დროით 18:45 საათზე აიღებს.
კომენტარები