Thumbnail
  • გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ
  • კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კიდევ ორ ქართველ ფალავანს აქვს

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ფალავანი გავიდა: ოქროს მედლებისთვის გიორგი ელბაქიძე (70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) იბრძოლებენ.

ელბაქიძემ, რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია ჭაბუკთა შორის (2016), მერვედფინალში შრი ლანკელ ლაჰირუ ვანაკუ ვატა ვადუგეს ოციოდ წამში 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ კანან ჰეიბატოვს 5:4 სძლია, ნახევარფინალში კი ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი 10:0 დაამარცხა. ფინალში გიორგის მეტოქე ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი იქნება.

გიორგი ელბაქიძე (70 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი დაამარცხა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, October 21, 2022


გამყრელიძემ, რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 23-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2021), ჭაბუკებში ევროპის ვერცხლისა (2017) და ბრინჯაოს (2018) პრიზიორია, 4 გამარჯვება იზეიმა. ვლადიმერმა კვალიფიკაციაში შვეიცარიელი ტანგუი დარბელაი 14:7 დაამარცხა, მერვედფინალში სომეხ არმან ავაგიანს 7:5 სძლია, მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ილან ბონდარს აჯობა – 4:0, ფინალის საგზური კი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან ჭიდილში მოიპოვა – 9:6. ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის ყაზახ დაულეტ იერგეშს გაეჯიბრება.

მეორე ფინალისტი! ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბერძენი გეორგიოს კუგიმიცდისი დაამარცხა და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, October 21, 2022


მსოფლიოს პირველობის ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა გიორგი გეგელაშვილსაც (57 კგ.), რომელიც ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (2017), ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, 23-წლამდელთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი და ახალგაზრდებში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

გეგელაშვილმა ანგოლელი ტადეუ დე დეუსი 10:0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰორსტ ლერი (გერმანია) 11:5 დაამარცხა, თუმცა, ნახევარფინალში თურქ აჰმეტ დუმანთან ვერაფერი გააწყო – 0:10. ამგვარად, ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევსა და უკრაინელ კამილ კერიმოვს შორის უმჯობესი იქნება.

კვარცხლბეკზე ასვლისთვის იბრძოლებს ანდრო მარგიშვილიც (97 კგ.), რომელიც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატების ფინალისტია. მან მეოთხედფინალში ამერიკელ რაიან სლოანთან 3:6 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართგველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადავიდა. მარგიშვილი საწყის ორთაბრძოლაში თურქ მუჯაჰიტ ჩელიკს გაეჯიბრება და თუკი მოიგო, ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ისლამ ილიასოვს შეხვდება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები პირველ მედლებს 22 ოქტომბერს გაითამაშებენ და ხვალვე საქმეში საქართველოს ნაკრების კიდევ 5 ქართველი წევრი ჩაებმება. ესენი არიან: რამაზ თურმანიძე (61 კგ.), თემურ ბერუაშვილი (74 კგ.), ევსემ შველიძე (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ.) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები