Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლი რომას სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და მას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვა ასეთი იყო: აინტერესებდა თუ არა რომას კვარაცხელია მის ნაპოლიში ტრანსფერამდე და რა გეგმა აქვს ქართველი ფეხბურთელის შესაჩერებლად.

მოურინიოს კვარაცხელიას შეჩერების გეგმაზე მატჩის წინ კონკრეტული და სერიოზული, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. ჟოზე: "რას უნდა ელოდოთ ხვალინდელ შეხვედრაში ჩემგან? ჩემგან არაფერს. მატჩის დროს ჩემთან ახლოს თუ გაივლის, ვეცდები, რომ შესაჩერებლად დავარტყა (იღიმის). ნაპოლი კარგად მოიქცა, რადგან ძალიან კარგი მოთამაშე დაიმატა. ახლა ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ ეს ფეხბურთელი ყველას აინტერესებდა. მთავარი ისაა, რომ ნაპოლიში გადავიდა და ალბათ, თვითონაც კარგი არჩევანი გააკეთა", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 26 ქულით სერია A-ს ლიდერია, ხოლო რომა 22 ქულით მე-4 ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში თავი 14 მატჩში 7 გოლით, 6 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები