Thumbnail

ნაპოლის დაუმარცხებელი და გამარჯვებების სერია გრძელდება!

ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რომა ვიქტორ ოსიმენის ზღაპრული გოლით 1:0 დაამარცხა. თამაში არ გამოდგა სანახაობრივი, იყო ბევრი ბრძოლა და ხისტი ფეხბურთი, რის გამო ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა, მაგრამ ნაპოლი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე რომა და ნეაპოლელთა გამარჯვება სრულიად ლოგიკურია.

სხვათა შორის, პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა მასიმილიანო ირატიმ ნაპოლის სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უნდა დაერტყა, მაგრამ VAR-თან გადამოწმების შემდეგ ირატიმ გადაწყვეტილება შეცვალა და თერთმეტმეტრიანი აღარ დანიშნა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რომაელი მცველები ძალიან ყურადღებით მეურვეობდნენ და თითქმის ყველა ეპიზოდში, როცა ის ბურთს იღებდა, უმალვე მის წინააღმდეგ 2 მეტოქე ჩნდებოდა. ამიტომაც, ხვიჩამ ამჯერად თამაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა. ვთქვათ ისიც, რომ პირველ ტაიმში მან მთელი "ოლიმპიკოს" აპლოდისმენტები დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ ხვიჩამ მეტოქეს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა და კარგ შეტევას იწყებდა, მაგრამ მინდორზე რომას კაპიტანი ლორენცო პელეგრინი ტრავმირებული იწვა, რაც ქართველმა შეამჩნია, შეჩერდა და ბურთი აუტში გადააგდო, რასაც რომას ტიფოზების ტაშიც მოჰყვა.

კვარა პენალტის შესასრულებლად მზად იყო

თუმცა, ნაპოლიმ მაინც მოიგო, სეზონში ზედიზედ მე-11 თამაში! 81-ე წუთზე ოსიმენმა ძალზე ეფექტური გოლი გაიტანა, როცა კრის სმოლინგს პოზიცია მოუგო და მახვილი კუთხიდან რუი პატრისიუს შორეულ კუთხეში გაუტანა. ნაპოლის ზედიზედ 11 გამარჯვება აქამდე ერთადერთხელ 1986 წელს ჰქონდა მოპოვებული, ამგვარად, პირადი რეკორდი გაიმეორა.

ნაპოლიმ ამ მოგებით 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ისევ ლიდერობს. "აძურის" ამ სეზონში 15 მატჩში 13 მოგება და 2 ფრე აქვს (ყველა ტურნირზე), ხოლო კვარაცხელიამ 15 თამაშში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში რეინჯერსთან შინ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 29 ოქტომბერს, სასუოლოს უმასპინძლებს.

რომა 0:1 ნაპოლი

გოლები: 0:1 ოსიმენი (81)

რომა (3-4-2-1): რუი პატრისიუ - მანჩინი (82. ელ შაარავი), სმოლინგი, იბანიესი - კასდორპი (82. ვინა), კამარა (82. მატიჩი), კრისტანტე, სპინაცოლა (86. შომუროდოვი) - პელეგრინი, ძანიოლო - აბრაჰამი (63. ბელოტი).

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, მინ-ჯე, ჟუან ჟეზუში, ოლივერა - ნდომბელე (57. ელმასი), ლობოტკა, ჟელინსკი (75. გაეტანო) - ლოსანო (76. პოლიტანო), ოსიმენი, კვარაცხელია.

კომენტარები

ბოლო ამბები