Thumbnail

'რა ჰქვია იმას, ყოველთვის რომ ყვინთავს?' - მოურინიო წაგებამ გააბრაზა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლიმ რომა ვიქტორ ოსიმენის ბრწყინვალე გოლით 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო (ყველა ტურნირზე). რომას მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ნეაპოლელები გამარჯვებას არ იმსახურებდნენ.

თამაშის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი ყველაფრით უკმაყოფილო იყო - განსაკუთრებით კი მსაჯობით, მედიის შეკითხვებით, მაგრამ არა საკუთარი გუნდის თამაშით და თქვა, რომ მსგავსი გოლით გამარჯვება მის გუნდსაც შეეძლო.

"საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ იმისათვის, რომ არ წაგვეგო. ზუსტად ისე მინდოდა მოგება, როგორც ეს მათ გააკეთეს. ბევრი ყვითელი ბარათის გამო გაგვიჭირდა, სიტუაცია დაღლილობის გამოც გაგვირთულდა და სათადარიგო სკამიდან ცოტა გამოსავალი გვქონდა. უსამართლობის განცდა მაქვს, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ვისაც გოლი გააქვს, ის იმარჯვებს და ეს ბოლოს მათ მოახერხეს. შეტევაში ჩვენგან მეტს ველოდი, ოსიმენის გოლის მსგავსი ეპიზოდები ჩვენც გვქონდა. რთული თამაში იყო, ისინი ძლიერები არიან და ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. კარსდორპი და სპინაცოლა 90 წუთისთვის მზად არ იყვნენ, პელეგრინიმაც შეცვლა მთხოვა, მაგრამ არ შევცვალე.

არ მინდა მსაჯზე საუბარი, ირატი კარგი არბიტრია, სერიოზული კაცი. იყო რაღაცები, რაც არ მომეწონა, მაგრამ არ მინდა კრიტიკული ვიყო, თუმცა მას კარგად არ უმსაჯია. მეორე ტაიმში ჩვენი ტემპი დაღლილობის გამო დაეცა, იბანიესი ბევრად ნაკლებად დაეცა, ვიდრე ის ბიჭი, ყოველთვის რომ ყვინთავს, რა ჰქვია? არ მახსოვს... აჰ, ლოსანო... ვულოცავ ნაპოლის, მაგრამ დაუმსახურებლად მოიგო." - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ მოედანზე რეინჯერსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები