Thumbnail

'გაეტანოს კვარაცხელიასთვის პასი უნდა მიეცა' - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლიმ რომა ვიქტორ ოსიმენის ბრწყინვალე გოლით 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო (ყველა ტურნირზე). მატჩის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

"მოურინიომ თქვა, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ? ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემს გუნდზე ვისაუბრებ. ადვილი თამაში არ იყო. ბურთის ფლობის დროს გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ვიყოჩაღეთ და 2-3 რეალური საგოლე მომენტი ისე შევქმენით, რომ მეტოქეს იმავეს გაკეთების საშუალება არ მივეცით. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან შევძელით იმ ცოტა შანსის გამოყენება, რაც რომამ მოგვცა.

'ახლა მატარებელში სენდვიჩებს შევჭამთ, რადგან ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს'

11 ტურის შემდეგ ტიტულებს არ იგებენ, ტიტულები მოიპოვება ივნისში, როდესაც სეზონი დამთავრდება. მიწაზე უნდა დავრჩეთ, ნულოვანი მოლოდინით და ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ახლა მატარებელში სენდვიჩებს შევჭამთ, რადგან ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს.

შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. გაეტანო? ყველამ იცის, რომ ის ნიჭიერია. მომენტებში კარგი იყო,  ზოგიერთ სიტუაციაში კი არასწორი არჩევანი გააკეთა - მაგალითად, როცა შეეძლო კვარასთვის პასის მიცემა და შეიძლებოდა ის ბურთი მასვე დაბრუნებოდა, მაგრამ აქ გამოჩნდა ხასიათის სიმპტომი, ასევე ისიც, რომ ჯერ არ იცის, როგორ წაიკითხოს გარკვეული სიტუაციები და არ აქვს ტაქტიკური სიმწიფე, თუმცა ის ძლიერი ბიჭია", - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ მოედანზე რეინჯერსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები