Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) აბუ დაბის გრანდ სლემის მოგების ხარჯზე 1 000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ძიუდოისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილმა საამიროებში გამართული ტურნირის ფინალში ფრანგ ლორის ტასიეს სძლია და კლასიფიკაციაში 4 835 ქულა მოუგროვდა. ახლა, ბექა მხოლოდ უზბეკ დავლატ ბობონოვს ჩამორჩება. ამავე წონაში მე-5 ადგილზეა ლუკა მაისურაძე (3 725), ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (3 500) მეშვიდეა. 

დიდი წინსვლა განიცადა გიორგი სარდალაშვილმაც (60 კგ.), რომელმაც აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში რეიტინგის პირველი ნომერი იუნგ ვეი იანგი (ტაივანი) დაამარცხა. სარდალაშვილმა 2 926 ქულით მეცხრამეტედან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და ქართველ ძიუდოისტებში უკვე საუკეთესოა. თემურ ნოზაძე (2 867) მერვეა, ლუხუმ ჩხვიმიანი (2 561) – მეცხრე, ჯაბა პაპინაშვილი (1 996) კი – მეოცე.

გიორგი სარდალაშვილს 60 კგ-ში ქართველთაგან უკვე საუკეთესო შედეგი აქვს

81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ლიდერად რჩება ტატო გრიგალაშვილი, რომელსაც 7 496 ქულა აქვს და არა მხოლოდ თავის, არამედ ყველა წონაში საუკეთესო შედეგი აქვს. ამ წონაში მხოლოდ 50-ეა გიორგი შერაზადიშვილი (856).

66 კგ-ში ლიდერთა ხუთეულს აგვირგვინებს ვაჟა მარგველაშვილი (3 927), ბაგრატ ნინიაშვილი კი, რომელმაც აბუ დაბის გრანდ სლემზე რეპეშაჟში მარცხი განიცადა, 1 109 ქულით 32-ე პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი (6 377) მე-2 ადგილზე რჩება 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის კლასიფიკაციაში მხოლოდ მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს (6 565) ჩამორჩება. რაც შეეეხება გიორგი ტერაშვილს (2 242), მას მე-13 პოზიცია უკავია.

100 კგ-ში 3 792 ქულით მე-5 ადგილზეა ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (3 243) მეთერთმეტეა, ონისე სანებლიძე (3 120) – მეთორმეტე, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 230) – ოცდამეცხრე.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) მე-2 პოზიცია შეინარჩუნა გურამ თუშიშვილმა (4 689), მის წინ კი მხოლოდ ტაჯიკი ტემურ რახიმოვია (4 705). ამავე წონაში მეშვიდე საფეხურზეა გელა ზაალიშვილი (3 366), ლევან მატიაშვილს (1 069) კი 33-ე ადგილი უკავია.

სოფიოს სომხიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქალთა შორის, აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის აღებით, მართალია, მე-4 პოზიციაზე დარჩა, თუმცა, კიდევ უფრო მიუახლოვდა მესამეადგილოსან რაფაელა სილვას (ბრაზილია, 4 610) ეთერ ლიპარტელიანი (4 592). 

დიდი წინსვლა განიცადა მძიმეწონოსანმა (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც საამიროებში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სოფიოს 1 691 ქულა მოუგროვდა და 31-ედან მე-19 ადგილზე გადავიდა.

რეიტინგში მორიგი ცვლილებები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 4-6 ნოემბერს დაგეგმილი გრანდ სლემის შემდეგ შევა, სადაც 9 ქართველი ძიუდოისტის გამოსვლა იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები