Thumbnail

ლომთაძე ევროპის ჩემპიონია - 8 კილოგრამიანი უპირატესობა უახლოეს მეტოქესთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზაზა ლომთაძემ ალბანეთში ოქროს მედალი მოიპოვა
  • კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა გიორგი კირვალიძემაც

ქართველი ძალოსანი ზაზა ლომთაძე (109 კგ.) ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ლომთაძემ მწვრთნელების მითითებები ზუსტად შეასრულა და შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა. ზაზამ ატაცში 157, 161 და 164 კგ. დასძლია, აკვრაში კი 195, 199 და 205-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა.

პირველ შემთხვევაში, ქართველი ძალოსნის შედეგი მცირე ვერცხლს ეყო, მეორე მოძრაობაში კი მან მცირე ოქრო დაიმსახურა.

რაც ყველაზე მთავარია, ჯამში, ლომთაძემ თავი 369 კგ-ს მოუყარა და ერთბაშად 8 კგ-თ აჯობა ვერცხლისმედალოსან იაშა მინასიანს (სომხეთი), ბრინჯაო კი პოლონელ მარცინ იზდებსკის (360 კგ.) ერგო.

ამავე წონაში კვარცხლბეკზე ასასვლელად აკაკი ტალახაძეც იბრძოდა, თუმცა, მიზნამდე ცოტა დააკლა. ქართველი ძალოსანი ატაცში 155 კგ-ით მე-5 იყო, აკვრაში კი 199 კგ-ით მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჯამური 354 კგ-ით მან მე-4 ადგილი დაიკავა.

გიორგი კირვალიძემ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა

დღესვე 20-წლამდელთა ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა გიორგი კირვალიძემ (109 კგ.). ის აკვრაში მე-5 იყო, ატაცში კი მე-3 და ჯამური 351 კგ-ითაც მე-3 შედეგი დააფიქსირა.

25 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მედლები გათამაშდება, ფიცარნაგზე კი მძიმეწონოსნებს (+109 კგ.) მიხეილ ადამიას, თორნიკე ტაბატაძესა და ოთარ ზაბახიძეს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები