- 📅 25 ოქტომბერი | 🏟 კამპ ნოუ | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ბაიერნი
- ბარსელონა ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა
- ბაიერნს პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
წლების წინ, ბევრისთვის დაუჯერებელი იქნებოდა ის ფაქტი, რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლას ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლებდა. ახლა კი კატალონიური კლუბი ძალიან ახლოსაა შარშანდელი ფიასკოს გამეორებასთან - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კიდევ ერთხელ ჩარჩენასთან.
ჩავის გუნდი მხოლოდ საკუთარ შედეგებზე დამოკიდებული არ არის. ბარსელონას 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ინტერს 3 ქულით ჩამორჩება. რაკი მილანური კლუბი კატალონიურ გრანდს ურთიერთშეხვედრებში ჯობს (მოგება და ფრე), პლზენთან გამარჯვების შემთხვევაში (თუ ბარსელონა წააგებს, ინტერს ქულაც ეყოფა), შემდეგი ეტაპის საგზურს გაინაღდებს. მოკლედ, ბარსელონამ დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს და პარალელურად ინტერმა არცერთი, რათა კატალონიელები მერვედფინალში გავიდნენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, რთული წარმოსადგენია. მოკლედ, თუ ინტერი პლზენს მოუგებს, ბარსელონა ჯგუფში ჩარჩება.

საპირისპიროდ, ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი კარგად მისდის ბაიერნს. "რეკორდმაისტერს" 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური განაღდებული აქვს, თუმცა მიუნხენური კლუბი, დიდი ალბათობით, მაინც ბოლომდე დაიხარჯება და გულშემატკივარი კიდევ ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრას იხილავს.
სატურნირო მდგომარეობის გარდა, შეხვედრას კიდებ უფრო მეტ ინტერესს სძენს ბარსელონასა და ბაიერნს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ესპანური კლუბი დიდი ხანია, ბაიერნის დამარცხებას ვერ ახერხებს და მისთვის "რეკორდმაისტერი" ძალიან უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ჩავის შანსი აქვს, საშინაო არენაზე ეს ნავსი გატეხოს და 2015 წლის შემდეგ ბარსელონას ბაიერნის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოუტანოს.
ჩავის გუნდმა "ელ კლასიკოს" წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და ჯერ ვილიარეალს 3:0, ხოლო შემდეგ ბილბაოს 4:0 მოუგო. კარგ ფორმაშია მიუნხენის ბაიერნი, რომელსაც 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ნაგელსმანის გუნდმა შედეგები ბუნდესლიგაშიც გამოასწორა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა.
საინტერესო ფაქტები
⚽ მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან 12 მატჩიდან 9 მოიგო (1 ფრე, 2 წაგება), მათ შორის, ბოლო ხუთი - ზედიზედ. ბაიერნს არცერთი სხვა გუნდი ამ ტურნირზე უფრო მეტჯერ დამარცხებული არ ჰყავს.
⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტჯერ სწორედ ბაიერნთან აქვს წაგებული.
⚽ "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 35 მატჩიდან 33-ში არ წააგო.
⚽ გერმანულმა კლუბმა ბარსელონა ბოლო 9 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 8-ში დაამარცხა.
⚽ ბაიერნმა კატალონიელების წინააღმდეგ გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
⚽ მიუნხენელებმა ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში კარი მშრალად შეინახეს.
⚽ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
⚽ ნაგელსმანის გუნდს 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს (ყველა ტურნირზე ერთად).
⚽ გერმანულ კლუბს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ყველა ტურნირზე ერთად).
⚽ ჩავის გუნდის ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში (ყველა ტურნირზე ერთად) 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
⚽ ბარსელონამ ბოლო 5 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ ერთი წააგო (რეალთან 1:3).
⚽ კატალონიელებმა ბაიერნი ბოლოს 2015 წელს დაამარცხეს.
⚽ ბაიერნმა ჯგუფურ ეტაპზე ბარსელონასთან აქამდე ჩატარებული ხუთივე თამაში მოიგო: ორი 1998/99 წლების სეზონში, ორი გასულ სეზონში და ერთიც მიმდინარე სეზონში.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ბელერინი, კუნდე, გარსია, ალონსო - პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
ტრავმა: არაუხო, დე პაი, რობერტო, კრისტენსენი (?), გავი (?).
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - პავარი, დე ლიხტი, უპამეკანო, დევისი - გორეტცკა, კიმიხი - გნაბრი, მუსიალა, კომანი - ჩუპო-მოტინგი.
ტრავმა: ნოიერი, სანე, სარი, ერნანდესი.
კომენტარები