Thumbnail
  • ერიკ ტენ ჰაგმა შერიფთან თამაშამდე კომენტარი გააკეთა
  • მან გუნდში კრიშტიანო რონალდო დააბრუნა
  • რაფაელ ვარანი მანჩესტერს მუნდიალამდე ვერ დაეხმარება

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის სამატჩო განაცხადში ბრუნდება - ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ევროპალიგის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ, კრიშტიანო ხუთშაბათს გუნდთან ერთად იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა და ყველა კითხვას ვუპასუხეთ. ის გუნდს ერთი თამაშით იყო ჩამოშორებული და ახლა განაცხადში ჩვეულებისამებრ დაბრუნდება. ყველაფერი დასრულდა, ის დაბრუნდა, მოდით ყურადღება თამაშზე გავამახვილოთ", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო ტენ ჰაგმა დასაჯა, იგი ჩელსისთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და მეორე გუნდთან ერთად ავარჯიშა. ამის მიზეზი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მხრიდან ტოტენჰემთან მოედანზე შესვლაზე უარის თქმა და სტადიონის ნაადრევად დატოვება გახდა.

რაფაელ ვარანმა მუხლი ჩელსისთან შეხვედრაში დაიზიანა

რონალდოს საკითხის გარდა, ტენ ჰაგმა რაფაელ ვარანის შესახებაც ისაუბრა. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა ჩელსისთან გამართულ შეხვედრაში (1:1) მუხლი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი ვარანის ტრავმის სიმძიმეზე გააკეთა.

"რაფაელ ვარანი გუნდის განაცხადში არ იქნება. იგი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ დაგვეხმარება. ამ პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედში ვერ ითამაშებს, თუმცა ვფიქრობ, მუნდიალზე თამაში შეეძლება, მაგრამ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მისი რეაბილიტაცია", - ესეც ნიდერლანდელის სიტყვებია.

მანჩესტერ იუნაიტედი ხვალ, 23:00 საათზე ევროპალიგაზე ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. ინგლისურ კლუბს 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები