Thumbnail
  • აკაკი გოგია დრეზდენის დინამოში იშვიათად თამაშობს
  • მწვრთნელს მიაჩნია, რომ მას მეტი დრო სჭირდება

აკაკი გოგიას დაბრუნებას დინამო დრეზდენის გულშემატკივრები და ხელმძღვანელები დიდი მოლოდინებით შეხვდნენ, მაგრამ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი საუკეთესო ფორმისგან, როგორც ჩანს, ძალიან შორსაა.

რუსთავში დაბადებულ ქართველ ფეხბურთელს, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, ამ სეზონში დრეზდენული კლუბის (მე-3 ბუნდესლიგა) ლიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან გოგია ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც ბუნდესლიგაშიც უთამაშია, უშუალოდ დრეზდენში კი 2016/2017 წლების სეზონში 10 გოლით ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მაგრამ მიმდინარე სეზონში მან მესამე ბუნდესლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა (5-ჯერ სასტარტოში იყო, ერთხელ შეცვლაზე ითამაშა), გოლი კი არ გაუტანია (არც საგოლე პასი).

გოგია ამ სეზონში ჯერჯერობით გოლის და საგოლე პასის გარეშეა

დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ანფანგმა აკაკი გოგიაზე გულახდილად ისაუბრა: “ყოველთვის რთულია, როცა ფეხბურთელის ამჟამინდელ ფორმას მისი კარიერის საუკეთესო პერიოდს ადარებენ. საუკეთესო ფორმაში რომ იყოს, პირველ ბუნდესლიგაში იქნებოდა და არა დრეზდენის დინამოში. როგორც ჩანს, რაღაცები მოხდა. გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, როცა ცოტას თამაშობდა.”

2019 წელს, როცა ბერლინის უნიონში იყო, გოგიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 13 თვე ვეღარ ითამაშა. წინა სეზონში ის ციურიხში ირიცხებოდა, სადაც 34 შესაძლო მატჩიდან მხოლოდ 5-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

ასე გააცილეს შარშან ბერლინის უნიონიდან - გუნდიდან, რომელიც ახლა ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერია

დრეზდენელთა მწვრთნელს იმედი აქვს, რომ აკაკი გოგია ფორმაში შესვლას მოახერხებს: “პოტენციალი ნამდვილად აქვს, ეს ყველამ ვიცით. შეუძლია, რომ ძველებურად ათამაშდეს. როგორც ჩანს, მეტი დრო სჭირდება,” - ამბობს ანფანგი.

კომენტარები

ბოლო ამბები