Thumbnail
  • ანტონიმ ტირასპოლის შერიფთან საფირმო ფინტი გააკეთა
  • ბრაზილიელის მოქმედება მანჩესტერში არ მოეწონათ

მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელ გარემარბ ანტონის რომ ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 მატჩში შემტევს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, პუბლიკას ფინტებით მაინც ართობს. თუმცა ევროპალიგის მატჩში, ტირასპოლის შერიფთან გაკეთებული საფირმო მოძრაობამ შექების ნაცვლად კრიტიკა მოუტანა. 

ბრაზილიელის მოქმედება ეფექტური იყო, თუმცა ეფექტიანი - არა. ბურთით ორჯერ დატრიალდა, მაგრამ ამას გუნდისთვის სარგებელი არ მოუტანია. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა პოლ სქოულზმა, გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივსმა და მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ანტონი გააკრიტიკეს. ყველაზე უხეშად ეს 'წითურმა ნინძამ' გააკეთა. 

პოლ სქოულზი: "საერთოდ ვერ ვხვდები რას აკეთებს. ეს სასაცილო და მასხარაობაა, მეტიჩარასავით იქცევა. ეს მისი თამაშის სტილია. მინახავს, როგორ აკეთებდა იმავეს აიაქსში, თუმცა თავიდან უნდა ამოიგდოს და მსგავსი რამ აღარ გვაჩვენოს, რადგან ეს სამარცხვინოა."

ოუენ ჰარგრივსი: "ერთი ბრუნი სავსებით საკმარისია. აი, მეორეს გასაკეთებლად კი ტექნიკაა საჭირო. მასთან ახლოს რომელიმე მეტოქე რომ ყოფილიყო, სავარძლიდან წამოვდგებოდი და ტაშს დავუკრავდი. მანჩესტერ იუნაიტედში მოსახვედრად დიდი გზა გაიარა. მაინტერესებს, თუ შეუძლია იგივეს გაკეთება, როცა მასთან ახლოs მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი იქნება."

ერიკ ტენ ჰაგი: "ამ ფინტის წინააღმდეგი არ ვარ, თუ მას სარგებელი მოაქვს. ანტონისგან მეტს ვითხოვ, მეტ გახსნას, შეზღუდულ სივრცეში მეტ მოქმედებას, საჯარიმოში უფრო ხშირად შესვლას. ასეთი მოქმედება მაგარი მაშინაა, როცა გუნდისთვის რაღაც მოაქვს. თუ ბურთს არ დაკარგავ, კიდევ არა უშავს. მაგრამ, როცა ფინტი ფინტისთვის კეთდება, მაშინ კორექტივები შემაქვს."

ბრაზილიელი მსგავს ბრუნს ხშირად აკეთებს და 360 გრადუსით ტრიალდება. მას ანტონის ფინტსაც კი ეძახიან. მაგრამ იმის თქმა, რომ მას დადებითი შედეგი მოაქვს, ძნელია. ანტონის უსარგებლო, თუმცა ლამაზი მოძრაობის მიღმა, მანჩესტერ იუნიატედმა შერიფი 3:0 დაამარცხა და ევროპალიგის პლეი ოფში თამაში გაინაღდა. 1/8-ფინალის საგზურის მოსაპოვებლად 'ეშმაკებმა' ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გასვლაზე რეალ სოსიედადი უნდა დაამარცხონ.

კომენტარები

ბოლო ამბები