Thumbnail
  • ფეხბურთელები, რომლებთან ერთად თამაში ინიესტას ყველაზე მეტად მოსწონდა
  • ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველის ჩამონათვალში ლიონელ მესი ვერ მოხვდა 

ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ კარიერის განმავლობაში რომელ ფეხბურთელებთან ერთად მოსწონდა ყველაზე მეტად თამაში. საინტერესო ისაა, რომ დასახელებულ ხუთ მოთამაშეს შორის არ მოხვდა კატალონიური კლუბის ყოფილი ვარსკვლავი ლიონელ მესი.

"ის ხუთი მოთამაშე, რომლებთან ერთადაც ყველაზე მეტად მომწონდა თამაში, იყვნენ: ჩავი, ნეიმარი, სამუელ ეტო’ო, სერხიო ბუსკეტსი და ხუან რომან რიკელმე", - აქვეყნებს ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველის სიტყვებს TyC Sports.

რიკელმემ ანდრეს ინიესტაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა

ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ინიესტა სხვადასხვა დროს ბარსელონაში თამაშობდა, რომლის ღირსებას 2002-2018 წლებში იცავდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელის მიერ ჩამოთვლილ მოთამაშეებში მოხვდა არგენტინელი რიკელმე, რომელმაც კატალონიურ კლუბში სულ ერთი სეზონი გაატარა (2002-03 წლები) და არ მოხვდა მისი თანამემამულე მესი, რომელთან ერთადაც ინიესტამ ბარსაში 15 წელიწადი გაატარა.

"რიკელმესთან მიმოწერა ახლაც მაქვს. ურთიერთობა შევინარჩუნეთ. განსაკუთრებული გრძნობა იყო მასთან ერთად გასახდელში ყოფნა და იმის ყურება, თუ როგორ ვარჯიშობდა და თამაშობდა", - დასძინა ანდრესმა.

38 წლის ანდრეს ინიესტა, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ამჟამად იაპონიაში გამოდის, სადაც ვისელ კობეს ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები