- ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება
- მოახლოებული ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მილიონ ევროზე მეტია
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება და მომავალი კვირიდან წლის დასკვნით მასტერსში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 008 725 ევროა.
ბასილაშვილი Rolex Paris Masters-ზე პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა.
თუკი ნიკოლოზმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და პირველი წრე გაიარა, მე-2 რაუნდში მე-15 ნომრად განთესილ მარინ ჩილიჩსა (ხორვატია) და ლორენცო მუსეტის (იტალია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა პარიზში შარშანაც ითამაშა, თუმცა, პირველივე შეხვედრა წააგო ფრანგ ადრიან მანარინოსთან – 2:6, 4:6. მოქმედი ჩემპიონის ტიტულს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ატარებს, რომელმაც ფინალში რუს დანიილ მედვედევს 4:6, 6:3, 6:3 სძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი აქვს და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით იზეიმა, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო.
აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტიც კი არ მოუგია და გასაკვირი არაა, რომ ამ ფონზე ATP-ს Live რეიტინგში უკვე 106-ე ადგილზე იმყოფება.
კომენტარები