Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 121:110 დენვერ ნაგეთსი
  • დერვინ ჰემმა მატჩის შემდეგ რასელ ვესტბრუკი შეაქო
  • ლებრონ ჯეიმსს იმედი აქვს, რომ ახლა მოგებათა სერია დაიწყება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მატჩის შემდეგ ლეიკერსის გასახდელში ისეთი განწყობა იყო, შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ლოსანჯელესელები ჩემპიონობას ზეიმობდნენ. არადა, სინამდვილეში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა სეზონში მხოლოდ და მხოლოდ პირველი გამარჯვება იზეიმა. ეს იყო პირველი მოგება მწვრთნელ დერვინ ჰემის ხელშიც. ამ უკანასკნელმა მატჩის შემდეგ განსაკუთრებით რასელ ვესტბრუკი შეაქო, თუმცა ლეიკერსში სანერვიულოც აქვთ - ენტონი დევისის ტრავმა.

“როცა სათადარიგო სკამიდან მისი კალიბრის მოთამაშე შემოდის… რეალურად დავინახეთ, რომ ყველაფერს ცდილობდა თამაშის მოსაგებად,” - ჰემმა ეს სიტყვები სწორედ ვესტბრუკზე თქვა. ლეიკერსმა დენვერს 121:110 მოუგო და ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, უკანასკნელი გუნდი გახდა, რომელმაც მოგებათა გრაფაში 0 წაშალა. ჰო, ამ თამაშამდე ლეიკერსი ერთადერთი გუნდი იყო NBA-ში, რომელსაც მოგება არ ჰქონდა.

შესაბამისად, ლოგიკურიცაა, რომ ლოსანჯელესელებმა ეს გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს ჰემთან ერთად, რომლისთვისაც ეს ასევე პირველი მოგება იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. მართალია, საუკეთესოები ლებრონ ჯეიმსი (26 ქულა) და ენტონი დევისი (23 ქულა, 15 მოხსნა) იყვნენ, მაგრამ ვესტბრუკმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - 18 ქულით, 8 მოხსნით, 8 ასისტით და +18-ით.

“ვესტბრუკი სათადარიგოს რანგში უბრალოდ ბრწყინავს, - ესეც ჰემის სიტყვებია, - მას ვუთხარი, რომ ასე გააგრძელოს. ყველაფერი, რასაც აკეთებ, დაუჯერებელია-მეთქი. ვამაყობ მისი თამაშით.”

თავად ვესტბრუკმა, რომელსაც ლეიკერსის ფანებიც ტაშს უკრავდნენ, ლუნი უოკერი (18 ქულა) და ოსტინ რივზი (10 ქულა) შეაქო. სწორედ მათი დამსახურება იყო ის 17:0 გაქცევა, რომელიც ლეიკერსმა მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხე პერიოდის დასაწყისში მოიწყო. “მიყვარს, როცა თანაგუნდელები ასე კარგად თამაშობენ. ეს ძალიან სასიხარულოა. დღეს ამ ბიჭებმა ბევრი ჩააგდეს და მაგრად იბრძოლეს, მეტს ვერაფერს მოვთხოვთ,” - აღნიშნა ვესტბრუკმა.

აი, ენტონი დევისის ამბავი კი ლეიკერსის ფანებს ისევ ანერვიულებს. ლოსანჯელესელთა მთავარი ცენტრი 100 პროცენტით გამოჯანმრთელებული არ ჩანდა და ეტყობოდა, რომ ზურგი ისევ აწუხებს. “ერთ დღეს შესანიშნავად ვარ, მეორე დღეს კი არც ისე, - თქვა დევისმა, - ტკივილები მაქვს. ეს მოგება ყველას ძალიან გვჭირდებოდა - გუნდს, ფანებს, მთლიანად ორგანიზაციას.”

ლებრონ ჯეიმსს იმედი აქვს, რომ მის გუნდს ახლა მოგებების სერია ექნება: “დღეს მთელმა გუნდმა კარგად იბრძოლა. უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური წარმატებები. მომდევნო მატჩი ლეიკერსს ნიუ ორლეან პელიკანსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები