Thumbnail
  • 📅 5 ნოემბერი | ⌚ 19:00 | სეზონის მეოთხე შოუზე 22 მებრძოლი იჩხუბებს
  • GFC 18-ზე 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, 5 - მეინ ქარდზე, 1 ქამარზე
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპოპი, იუთუბი: europop
  • წინა ივენთები: I ტურიII ტურიIII ტურიGFC 13GFC 14GFC 15, GFC 16, GFC 17
  • ბილეთები: TKT.GE

შაბათს მაგარი ბრძოლები გველის - 5 ნოემბერს GFC (Georgian Fighting Championship) კიდევ ერთ განსაკუთრებულ შოუს გვპირდება!

ანდერ ქარდზე მეტოქეები რეკორდის გაუმჯობესებისთვის თავს არ დაზოგავენ, მეინ ქარდზე კი ნამდვილი შოუ გველის: ქართველი სპორტსმენები უცხოელი მეტოქეების წინააღმდეგ იჩხუბებენ.

წლის მეოთხე ღონისძიებაზე 14 ქართველი იასპარეზებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე მოლდოველი, აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი, ირანელი და ბრაზილიელი სპორტსმენები გავლენ. 11 დაპირისპირებიდან 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, ხოლო 5 - მეინ ქარდზე, აქედან 1 ქამარზე. რაულ თუთარაული ბრაზილიელი ობერდან ვიეირა ტენორიოს დამარცხებასა და ქამრის შენარჩუნებას ეცდება, რომელიც ადილ ბორანბაიევთან მოიპოვა.

ორთაბრძოლებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ბილეთები TKT.GE-ზე იყიდება, პირდაპირი რეპორტაჟი ევროპოპის ფეისბუქის გვერდზე და იუთუბის არხზე გადაიცემა. შოუ 19:00 საათზე დაიწყება.

PRELIMS - სარეიტინგო ბრძოლები

👊 93.0 კგ: მიჰაი ბაჩიუ (მოლდოვა) V მუხრან ნარსავიძე (საქართველო)

საღამო მოლდოველი და ქართველი მებრძოლების ჩხუბით გაიხსნება. მუხრან ნარსავიძე გამოცდილ მოლდოველ სპორტსმენს შეხვდება. ნარსავიძეს GFC-ზე ადრეც უჩხუბია, ის GFC 16-ზე ტატულ ავაგიანთან დამარცხდა. ქართველ მებრძოლს კარიერაში 1 მოგება და 1 მარცხი აქვს

მიჰაი ბაჩიუ კარიერაში მე-13 ბრძოლას ჩაატარებს. მას აქამდე 5 ჩხუბი აქვს მოგებული და 7 შეხვედრაში დამარცხდა. ნარსავიძეს მოლდოველთან სერიოზული გამოცდა ელის.

👊 65.8 კგ: აბდულ ფაჰად აჰმადი (აზერბაიჯანი) V ილია ქარუხნიშვილი (საქართველო)

აზერბაიჯანელი სპორტსმენი საქართველოში 6 მოგებითა და 2 მარცხით ჩამოდის. აჰმადი ბოლოს ოქტაგოზე ყაზახეთში გავიდა, სადაც პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. აბდულ ფაჰად აჰმადის მეტოქე ილია ქარუხნიშვილი იქნება. ელგუჯა გოგიასთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, ქარუხნიშვილმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ბრძოლის მოსაგებად იბრძოლებს. მან GFC 17-ზე სამრაუნდიან ბრძოლაში სომეხი დავით ხაჩატურიანი დაამარცხა.

👊 65.8 კგ: ლევან კირთაძე (საქართველო) V მაირბეკ სულუმოვი (საქართველო)

GFC 18-ის ანდერ ქარდზე ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა იქნება! ამას თამამად ვამბობთ. ლევან კირთაძე საინტერესო მებრძოლია. მას კარიერაში 3 ბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. კირთაძემ 2021 წელს მათე სანიკიძესთან წააგო.

ლევანის მეტოქე მაირბეკ სულუმოვი იქნება, რომელსაც კარიერაში 4-დან 4 მოგება აქვს. მაირბეკმა ოთხივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და ამისთვის ჯამში 7 წუთი და 6 წამი დასჭირდა. კირთაძის უპირატესობა ის იქნება, რომ მისი მეტოქე ოქტაგონზე 2020 წლის შემდეგ აღარ გასულა, ხოლო კირთაძემ ბოლოს 2022 წლის მაისში იჩხუბა.

👊 70.3 კგ: ნიკა კუპრავიშვილი (საქართველო) V ალეკო საღლიანი (საქართველო)

მებრძოლთა კლუბ "ვეფხისტყაოსნის" წარმომადგენელი ნიკა კუპრავიშვილი წაუგებელი სერიის გაგრძელებას ეცდება. ნიკამ 2-დან 2 ბრძოლა მოიგო და მესამე შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. კუპრავიშვილმა ბოლო ბრძოლა ფინურ ორგანიზაციაში ჩაატარა და ფინელი პატრიკ პიეტილა დაამარცხა.

ნიკას მეტოქე გამოცდილი ქართველი მებრძოლი ალეკო საღლიანია, რომელსაც ბოლო 3 ბრძოლა წაგებული აქვს. საღლიანის რეკორდი 7 მოგება და 5 მარცხია.

👊 65.8 კგ: გიორგი გოგოჭური (საქართველო) V საბა კვირკველია (საქართველო)

ორივე მებრძოლისთვის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გოგოჭური და კვირკველია ოქტაგონზე დიდი კარიერის აწყობას ცდილობენ და თითოეული მოგებისთვის ბოლომდე ირძვიან. გიორგი გოგოჭურს კარიერაში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. მან ბოლო გამარჯვება რაფაელ მოვსესიანთან იზეიმა. რაც შეეხება კვირკველიას: საბას რეკორდი 3 მოგება და 1 მარცხია.

👊 77.1 კგ: მეჰმეთ ალი თასკირანი (თურქეთი) V თამაზ ბოჭორიშვილი (საქართველო)

თამაზ ბოჭორიშვილი (9-5-0) ოქტაგონზე დიდი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მას კარიერაში ცუდი პერიოდი ჰქონდა - ბოლო 5 ბრძოლიდან 4 დათმო და ახლა ოქტაგონზე ძალიან გაბრაზებული შევა. თამაზის მიზანი კარიერაში მე-10 გამარჯვების მოპოვება იქნება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მისი მეტოქე თურქი მეჰმეთ ალი თასკირანია, რომელსაც კარიერაში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. თასკირანმა ბოლო ბრძოლა 2022 წლის იანვარში ჩაატარა და უგურ აქაის პირველივე რაუნდში აჯობა.

MAIN CARD - სარეიტინგო ბრძოლები

👊 83.9 კგ: თურალ ფარზალიევი (აზერბაიჯანი) V თორნიკე გიგაური (საქართველო)

თორნიკე გიგაურმა GFC 17-ზე ისეთ რამ მოახერხა, რაც ბათუმურ ღონისძიებამდე ამ ორგანიზაციაში არავის ჰქონდა გაკეთებული. მან სადებიუტო ბრძოლაში ირანელი ჰაიდარ აკბარი დარესტანი ფეხზე მდგომმა "გაგუდა" და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. გიგაურმა კარგი სტარტი აიღო, იმედია, რომ თურალი ფარზალიევსაც არაფერს დაუთმობს.

აზერბაიჯანელი გიგაურზე გამოცდილია, მას უფრო მეტი ჩხუბი აქვს ჩატარებული. თურალს კარიერაში 3 მოგება და 2 მარცხი აქვს, მისი მიზანი რეკორდის გაუმჯობესება იქნება.

👊 61,2 კგ: ჰარუთიუნ ჰარუთიუნიანი (სომხეთი) V გოჩა შაინიძე (საქართველო)

გოჩა შაინიძემ GFC 17-ზე სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და თურქი ალიშან ჩახაიევი პირველივე რაუნდში დაამარცხა. ბათუმში მოპოვებული პირველი მოგების შემდეგ, შაინიძე ზედიზედ მეორე შეხვედრის მოგებას ეცდება. მისი მეტოქე სომეხი ჰარუთიუნ ჰარუთიუნიანი იქნება, რომელსაც ასევე ერთი მოგება აქვს.

ახალგაზრდა მებრძოლების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. შაინიძე თავისი აგრესიული სტილით ეცდება, რომ ბრძოლა პირველივე რაუნდში დაასრულოს.

👊 77.1 კგ: შაჰრამ ჰაჯი (ირანი) V ზურაბ ფირცხელიანი (საქართველო)

მეინ ქარდის კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლაში ირანელი შაჰრამ ჰაჯი და ქართველი ზურაბ ფირცხელიანი დაუპირისპირდებიან. ჰაჯის რეკორდი 4 მოგება და 3 მარცხია. მან ბოლოს 2022 წლის აპრილში იჩხუბა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

ზურაბ ფირცხელიანს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. მან ბოლო ორი ბრძოლა მოიგო. ზურაბმა GFC 16-ზე რინატ რიზმანს აჯობა, ხოლო GFC 17-ზე ფრანგი კარიმ ჩაუჩი პირველივე რაუნდში, წუთსა და 11 წამში დაამარცხა.

👊 93.0 კგ: აბდულა ისაევი (თურქეთი) V მიხეილ საჟინიანი (საქართველო)

მიხეილ საჟიანინი GFC-ში დაუმარცხებელია და სერიის გაგრძელებას ეცდება. მიხეილს ამ ორგანიზაციაში 4-დან 4 ბრძოლა აქვს მოგებული. ქართველმა მებრძოლმა ბოლოს GFC 17-ზე იჩხუბა და ილკინ შეკერელიევს ბრძოლა წუთსა და 15 წამში დაუმთავრა.

აბდულა ისაევს საჟინიანზე ერთი ბრძოლით ნაკლები აქვს წაგებული. მიხეილის მსგავსად მასაც რვა მოგება აქვს, მაგრამ კარიერაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ქომაგს ძალიან მაგარი შეხვედრა ელოდება, რომელიც ძალიან ბევრ სიურპრიზს გვპირდება.

👊 70.3 კგ: ობერდან ვიეირა ტენორიო (ბრაზილია) V რაულ თუთარაული (საქართველო)

მსოფლიოში რაულ თუთარაულის მსგავსი გამოცდილი მებრძოლი ბევრი ნამდვილად არაა. ქართველ სპორტსმენს ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული და რეკორდიც ძალიან მაგარი აქვს - 30 მოგება და 6 მარცხი.

თუთარაულმა GFC-ის ქამარი ყაზახი ადილ ბორანბაიევის დამარცხებით GFC 16-ზე მოიპოვა. ქართველ მებრძოლს ბოლო 4 ბრძოლა მოგებული აქვს და სამშობლოში ქამრის დაცვას გამოცდილი ობერდან ვიეირა ტენორიოს წინააღმდეგ ეცდება.

ბრაზილიელს კარიერაში 44 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მან 32 შეხვედრა მოიგო, 11-ჯერ დამარცხდა და 1 შეხვედრაც ფრედ დაასრულა. თუთარაულის მსგავსად, ტენორიოს ბოლო 4 ბრძოლა მოგებული აქვს და ქამრის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. GFC-ს კულმინაცია დრამატული იქნება. იმედია, რომ თუთარაული ბრძოლას მოიგებს და ქამარი საქართველოში დარჩება.

წლის ბოლო ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ! GFC 18-ზე ბევრი ისეთი მებრძოლი იჩხუბებს, რომლებსაც ნოკაუტით გამარჯვებები უყვართ. შესაბამისად, მაგარი სანახაობა იქნება. თუ დარბაზში მისვლას ვერ შეძლებთ, europop-ის იუთუბის არხზე პირდაპირი ეთერი არ გამოტოვოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები