Thumbnail

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი ჰქონდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით ჩაიწერა აქტივში, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო. აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტშიც კი ვერ ემარჯვა.

უშუალოდ კორტზე ნიკას ბოლო შეხვედრა 29 ივნისს ჰქონდა მოგებული (უიმბლდონზე) ფრანგ ქუენტინ ჰალისთან და საინტერესოა, რომ დღესაც იმავე მეტოქეს აჯობა. 

მატჩი პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ეგიდით გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაში ჰქონდა, რაც შედეგშიც აისახა – 6:3, 6:4.

მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (ჰალისს, შესაბამისად, 15 და 3), 5-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ წაუგია (5 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა). ბასილაშვილს 18 ვინერსის წილ მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ფრანგმა ჩოგბურთელმა კი 23 ვინერსის ფონზე 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მე-2 წრეში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-15 ნომრად განთესილი ხორვატი მარინ ჩილიჩი და იტალიელი ლორენცო მუსეტი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები