Thumbnail

გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) მე-2 წრეში შეხვდება.

ის 23 წლის იტალიელი ლორენცო მუზეტია, რომელმაც მცირე სენსაცია მოახდინა და მე-15 ნომრად განთესილი ხორვატი მარინ ჩილიჩი მოულოდნელად იოლად – 6:4, 6:4 დაამარცხა.

30 წლის ბასილაშვილი მუზეტის კარიერაში ერთადერთხელ შეხვედრია და წლეულს შტუტგარტის (გერმანია) ტურნირზე, ბალახის საფარზე 7:5, 6:3 აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა Rolex Paris Masters-ზე პირველი შეხვედრა ასევე დღეს ჩაატარა და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ქუენტინ ჰალისი 6:3, 6:4 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ამ თამაშამდე ბასილაშვილს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი ჰქონდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით ჩაიწერა აქტივში, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში მეტოქემ ტრავმა მიიღო. აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტიც კი არ ჰქონდა მოგებული.

დღევანდელი წარმატების წყალობით, ნიკამ ATP-ს Live რეიტინგში 35 ქულა შეიმატა და მოწინავე ასეულს დაუბრუნდა (575 ქულით 95-ეა). თუკი ბასილაშვილი მუზეტისაც აჯობებს (ეს მატჩი ოთხშაბათს არის დაგეგმილი), სავარაუდოდ, მსოფლიოს 85-ე ჩოგანი გახდება და მერვედფინალში კასპერ რუუდსა (ნორვეგია, მე-3 განთესვა) და რიშარ გასკეს (საფრანგეთი) შორის უმჯობესს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები