- იაპონიის დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს 3-4 დეკემბერს უმასპინძლებს
- ტოკიოში ტატამიზე საქართველოს ქალთა ნაკრების 5 წევრიც გავა
საქართველოს კაც ძიუდოისტთა ნაკრები ერთადერთი მონაწილით წარსდგება წლის დასკვნით გრანდ სლემზე, რომელსაც 3-4 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს.
ტურნირის განაცხადში მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ვხედავთ, რომელიც ტრადიციულად 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი სწორედ ტოკიოში გახდა, მას მერე კი, მხოლოდ ორ ტურნირზე გამოვიდა და უმედლოდ არც ამ შემთხვევებში დარჩენილა: ობერვარტში ევროპის თასი მოიგო, ტაშკენტში კი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს დაეუფლა.

ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა ნაკრების 5 წევრიც გამოვა: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
საინტერესოა, რომ იაპონიაში (ოსაკაში) გრანდ სლემი ბოლოს 2019 წელს გაიმართა და მაშინ საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთი ოქროს მედალი იყო. იმავე 90 კგ-მდე წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ღვინიაშვილი ავიდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში წასვლამდე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ბაქოს გრანდ სლემი ელის. ტურნირზე, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 4-6 ნოემბერსაა დაგეგმილი, 11 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
კომენტარები