Thumbnail
  • ტურნირი 4-6 ნოემბერს ჩატარდება და იქ 11 ქართველს ვიხილავთ
  • დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში წილისყრის პროცედურა ჩატარდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2022 წლის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოვებულ ტურნირში კაცებში 9 წარმომადგენელი გვეყოლება, ქალებში კი მხოლოდ – 2.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაებმებიან. მარგველაშვილი ბაჰრეინის წარმომადგენელ რამაზან კოძაკოვს შეხვდება, თუთაშვილის მეტოქე კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი იქნება.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი განთესვა აქვს ლაშა შავდათუაშვილს, რომელიც მე-2 რაუნდში ადილ ოსმანოვს (მოლდოვა) გაეჯიბრება.

2 წარმომადგენელი გვეყოლება 81 კგ-ში: გიორგი შერაზადიშვილი შამილ ძავბატიროვს (გერმანია) გაეჯიბრება, ხოლო ვლადიმერ ახალკაცის მეტოქე უზბეკი რამაზონ ალაბერდიევი იქნება.

შარშან ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვა

ლუკა მაისურაძე (90 კგ.) მე-2 წრეში აზერბაიჯანელ ნიჰატ შიხალიზადას გაეჯიბრება, ილია სულამანიძე (100 კგ.) კი ძალებს ყაზახ იერკანატ მოლდაგულოვთან მოსინჯავს.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ტატამიზე მე-2 რაუნდიდან გავლენ საბა ინანეიშვილი და გურამ თუშიშვილი. ინანეიშვილის მოწინააღმდეგე სლოვაკი მარიუს ფიზელი იქნება, ხოლო თუშიშვილი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზახანოვსა და ჩილელ ფრანსისკო სოლისს უმჯობესს დაელოდება.

ქალთა ტურნირში ნინო გულბანის (70 კგ.) პირისპირ თურქი მინელ აკდენიზი დადგება, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი სერბი მილიცა ზაბიჩისა და პოლონელი კინგა ვოლჟჩაკის წყვილს გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბაქოს გრანდ სლემზე 61 ქვეყნის 366 მონაწილე დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 4 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 5-ში – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 6-ში – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ გრანდ სლემს შარშანაც უმასპინძლა, ქართველი ძიუდოისტების მონაგარი კი 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი იყო: ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) გახდა, ბრინჯაოებს კი ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) და ონისე სანებლიძე (100 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები