Thumbnail

'გაჩუმდით!' - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კილიან მბაპეს მშობლები გააკრიტიკა

  • შვედმა თავდამსხმელმა პსჟ-ის ვარსკვლავის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, ფეხბურთელი ვერასდროს გახდება კლუბზე მეტი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მილანის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდის კილიან მბაპეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა, რომელსაც ამ სეზონის წინ მადრიდის რეალში გადასვლა შეეძლო, საბოლოოდ პარიზულ კლუბში დარჩენა ამჯობინა და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კილიანი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

"მბაპეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც მოთამაშე, ის ფანტასტიკურია. მაგრამ, როდესაც დისციპლინას კარგავ, კარგავ ინდივიდუალობასაც. არსებობს მიზეზი, რატომაც არის ზიდანი ზიდანი. მბაპეს სურს მას მიბაძოს? უნდა სურდეს პროგრესირება და არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით.

მან (მბაპემ) სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარიზისთვის, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის. მან შექმნა ვითარება, სადაც ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბი. და კლუბმაც საამისოდ ყველა პირობა შეუქმნა. მაგრამ შენ ვერასდროს გახდები უფრო მეტი, ვიდრე - კლუბი. 

მიზეზი მის მშობლებში, ადვოკატებში, აგენტებსა და მწვრთნელებშია. პრობლემა მათშია. ამ დროს კარგავ დისციპლინასაც და საკუთარ თავსაც. ახლა ახალი თაობის მშობლები ფიქრობენ, რომ თვითონ გახდნენ ვარსკვლავები. ისინი იძლევიან ინტერვიუებს. მაგრამ ვინ არიან ისინი? გაჩუმდით! თქვენმა შვილმა უნდა იმუშაოს და იყოს დისციპლინირებული", - აქვეყნებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Marca. 

კილიან მბაპეს დედ-მამა მატჩს ესწრება

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ახალი კონტრაქტი კი თანამშრომლობას 2025 წლამდე ითვალისწინებს. დღეს საფრანგეთის ნაკრების ლიდერის ხელფასი ფრანგულ კლუბში წელიწადში 40 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ლიგა 1-ის 12 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები