Thumbnail
  • ESPN-მა ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინეს
  • საიტმა თერთმეტეულში ნაპოლის 21 წლის ქართველი შემტევიც დაასახელა 

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამოსვლას 1/8-ფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ. რჩეულ 16 გუნდს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი, რომელმაც არცთუ იოლ ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ლივერპული, აიაქსი და რეინჯერსი ჰყავდა, პირველი ადგილი დაიკავა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა A ჯგუფში 5 თამაში მოიგო და 1 დათმო (ბოლო ლივერპულთან, რომელმაც ჯგუფში სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა ვეღარ იქონია), 21 წლის ქართველმა შემტევმა კი 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ESPN-მა ტურნირის 11 აღმოჩენა დაასახელა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოიხსენია. აი, რას წერს საიტი: 

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ფორმა ამ სეზონში სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერებისთვის მთავარი სალაპარაკო თემა გახდა და დივიდენდები ჩემპიონთა ლიგაშიც მოიტანა. კვარაცხელიასგან განსაკუთრებით აიაქსი დაზარალდა - 2 გოლი და ამდენივე პასი ორ თამაშში. მას რეინჯერსთან მატჩში კარისკენ დარტყმის 8 მცდელობა ჰქონდა, აღარაფერს ვამბობთ შინ ლივერპულთან შესანიშნავ თამაშზე (4:1). ტექნიკური და არაპროგნოზირებადი, მარჯვენა ფეხით მოთამაშე გარემარბი, რომელიც ნაპოლის შეტევის მარცხენა ფრთაზე მოქმედებს, ჩემპიონთა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში მეტოქეებისთვის ნამდვილი კოშმარია".

ჩემპიონთა ლიგის 11 აღმოჩენა ESPN-ის ვერსიით: დიოგო კოშტა (პორტუ) - პედრო პორო (სპორტინგი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), სტრახინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), პიერო იკაპიე (ლევერკუზენი) - ნიკოლას ზაივალდი (ზალცბურგი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), რაფაელ ონიედიკა (ბრიუგე) - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), მიხაილო მუდრიკი (შახტარი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი). 

ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მეტოქის ვინაობას 7 ნოემბერს შეიტყობენ - ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები