Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის სლოვანი კონფერენსლიგის 1/8 ფინალშია
  • კიტეიშვილი და აზაროვი ევროთასებს დაემშვიდობნენ

უეფას კონფერენსლიგის H ჯგუფის ბოლო ტურში ვლადიმირ ვაისის სლოვანი ვილნიუსში ჟალგირისს ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ამით ქართველი ლეგიონერების ტრიოს გუნდმა ჯგუფში 11 ქულა დააგროვა, ურთიერთშეხვედრებით აჯობა ბაზელს (11 ქულა) და პირდაპირ ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. 

ბოლო დროს გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან კარგად ათამაშდა

ვაისმა სამივე ქართველი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე, სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და სამივემ ძალიან კარგად ითამაშა. გურამ კაშიამ შეუცვლელად და შეუცდომლად ითამაშა, მას ერთხელ გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა. შეუცვლელად გაისარჯა ჯაბა კანკავა, რომელმაც ერთხელ კინაღამ გაიტანა (ლიეტუველთა მეკარემ "სეივი" შემოგვთავაზა), ერთხელ კი ლამის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩაკვეტაძე, თუმცა შემდეგ მომენტი დაიკარგა. ჯაბამ "ჩვეული" გაფრთხილებაც მიიღო, რომელიც მის კარიერაში უკვე თითქმის მეორასეა. 

📺 | გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი ჟალგირისთან

ცალკე აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის თამაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მოლიპულ, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა, რაც ტრავმისკენ მიდრეკილი ფეხბურთელებისთვის დამატებითი წინაღობაა, ქართველი მოედანზე საოცრებებს ჩადიოდა, მან ჯერ პირველი საგოლე კომბინაცია წამოიწყო, რომელიც რამირესმა გააგრძელა და ალეკსანდარ ჩავრიჩმა დაასრულა, 23-ე წუთზე კი იმავე ჩავრიჩს საგოლე პასი მისცა. ეს ჩაკვეტაძის მე-4 საგოლე პასია კონფერენსლიგაზე და ამ მაჩვენებლით ის მე-2 ადგილზეა (ფიორენტინას კუამეს 5 ასისტი აქვს). გარდა ამისა, რამდენჯერმე გიორგიმ მწვავე პასი გააკეთა, ხოლო 90-ე წუთზე მისივე წაქცევისთვის პენალტი მოიპოვა. სამწუხაროდ, სეზონში პირველი გოლი არ შედგა, ჩაკვეტაძემ "პანენკა" შეასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა, გამოვარდნილს თავურით კი დაამატა, მაგრამ გოლი პენალტის დარტყმის წესის დარღვევის გამო არ ჩაითვალა, იქვე ვაისმა გიორგი გამოცვალა. 

📺 | გიორგი ჩაკვეტაძის გაცუდებული პენალტი ჟალგირისთან


იმის მიუხედავად, რომ ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, მან მაინც მაღალი შეფასება (sofascore) დაიმსახურა - 8.1. ჯაბა კანკავამ 7.6 მიიღო, ხოლო გურამ კაშიამ - 7.2. ჩაკვეტაძემ 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, მის ანგარიშზე 4 წარმატებული დრიბლინგია (მატჩში საუკეთესო შედეგი). 

ოთარ კიტეიშვილი მიდტიულანდის წინააღმდეგ

ევროპალიგის F ჯგუფში ოთხივე გუნდმა 8-8 ქულა დააგროვა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის შტურმი ბოლო ადგილზე გავიდა და ჩარჩა. ავსტრიელები სტუმრად მიდტიულანდთან დამარცხდნენ - 0:2. კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ის მე-80 წუთზე შეცვალეს და მის ერთ-ერთ დაკარგვას შტურმის კარში გოლი მოჰყვა (თუმცა მსაჯმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა ვერ შეამჩნია). WhoScored-მა მას ძალიან დაბალი შეფასება დაუწერა - 5.7. 

ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდა სტუმრად მონაკოსთან 1:4 დამარცხდა. ირაკლი მოედანზე 85-ე წუთზე როდიჩის ნაცვლად შევიდა. ცრვენა ზვეზდა 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევროთასებს დაემშვიდობა. ეს ჯგუფი გიორგი ხარაიშვილის ფერენცვაროშმა კი მოიგო (დღეს ტრაბზონთან 0:1 მარცხის მიუხედავად), მაგრამ ქართველი ლეგიონერი ევროპალიგის განაცხადში საერთოდ არ არის. 

ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი შინ ფრაიბურგს 1:1 ეთამაშა, ქართველი გოლკიპერი სათადარიგო იყო, ყარაბაღი 8 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე ასპარეზობა დაასრულა (კონფერენსლიგის 1/16 ფინალში გადაერთო). 

კონფერენსლიგაზე ლეხისა და ვილიარეალის მატჩი 3:0 დასრულდა. პოლონელებმა კიკე სეტიენის გუნდთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც კონფერენსლიგის 1/16 ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღეს. ნიკა კვეკვესკირი 91-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთ სკამზე დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები