Thumbnail

მუნდიალის მატჩები ყირიმსა და დონბასში - უკრაინელთა ამბიციური გეგმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინას ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად მუნდიალის მასპინძლობა სურს
  • უკრაინელები ტურნირის მატჩების ჩატარებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებენ   

უკრაინას, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, ფეხბურთში მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. ფიფაში წარსადგენ ერთობლივ განაცხადზე მუშაობა დაწყებულია, უკრაინელები კი მუნდიალის მატჩების ჩატარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში აპირებენ.

როგორც ირკვევა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მატჩების ჩატარების შესაძლებლობას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განიხილავს - მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ყველაფერს გააკეთებს, რათა სურვილი რეალობად აქციოს.

"გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მატჩების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამართვის ვარიანტებს განვიხილავთ, მათ შორის დონბასსა და ყირიმში. უნდა მომზადდეს ინფორმაცია იმ ობიექტებზე, რომლებიც საჭირო გახდება მსოფლიოს ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებლად", - აქვეყნებს უკრაინული მედია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის იური ზაპისოცკის სიტყვებს.

უკრაინამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 2030 წლის მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობის სურვილი ოქტომბერში გამოთქვეს. უკრაინაში ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები შეიძლება გაიმართოს. 

პორტუგალია, ეპსანეთი და უკრაინა ერთბლივ განაცხადზე მუშაობენ

ცნობილია, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა ასევე სურთ საუდის არაბეთს, ეგვიპტესა და საბერძნეთს. სხვა კანდიდატებს შორის სახელდებიან სამხრეთამერიკული ქვეყნებიც.  

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უახლოესი ჩემპიონატი ამა წლის ნოემბერ-დეკემბერში კატარში გაიმართება. მომდევნო, 2026 წლის მუნდიალს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. რაც შეეხება 2030 წლის ტურნირის მასპინძელს (მასპინძლებს), გადაწყვეტილება 2024 წელს, ფიფას 74-ე კონგრესზე გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლო ამბები