Thumbnail

'სტერეოტიპის დანგრევას ვეცდებით' - მაისაშვილი ურუგვაისთან მატჩამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველო ურუგვაის 6 ნოემბერს, ''დინამო არენაზე'' 18:00-საათზე მასპინძლობს. ბორჯღალოსნებმა დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მერაბ შარიქაძე: იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრის მოლოდინი თუ გაიზარდა, ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს გულშემატკივრისგან და იმედი გვაქვს ხვალ სტადიონი სავსე იქნება. თუ სტადიონი არ გაივსო, გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი არც ისე დიდი ყოფილა. არის 10 და 20 ლარიანი ბილეთები და იმედია მინიმუმ ეს ადგილები ბოლომდე შეივსება.

ლევან მაისაშვილმა ნაკრებში არსებულ ტრავმებსა და მორაგბეთა პრობლემებზე ისაუბრა, რის გამოც ისინი ნაკრებს ვერ ეხმარებიან. გარდა ამისა, მაისაშვილმა ურუგვაისთან მატჩის მნიშვნელობასა და კონცენტრაციაზე გაამახვილა ყურადღება.

...ტრავმებსა და არგამოძახებულ მოთამაშეებზე: გვაქვს ტრავმები, რაც თანმდევი პროცესია და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოგვიწია. რამდენიმე მოთამაშის საქმეში ხილვა თავადაც გვსურდა. პირველ თამაშზე ხშირად გვაქვს ხოლმე შეთამაშების პრობლემა. ვეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და მაყურებელს ის თამაში ვაჩვენოთ, რისთვისაც ვემზადებით.

ბექა გიგაშვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ტრავმა აქვს ჯაფარიძეს. გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ.

...ურუგვაისთან მატჩის მნიშვნელობაზე: არსებული რესურსიდან გამომდინარე ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ. ჩვენთვის სამივე თამაში მნიშვნელოვანია. ნოემბრის კალენდარი და მეტოქეები ძალიან გავს 2023 წლის მსოფლიო თასის მოცემულობას. თუმცა ამ ეტაპზე არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები არ ვფიქრობთ სამოასა და უელსთან მატჩზე და სრულად ვართ კონცენტრირებული ურუგვაიზე.

ხვალინდელი თამაში განსაკუთრებულია მერაბ შარიქაძესთვის. ის ბორჯღალოსნებს მე-40-ედ უკაპიტნებს და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდება.

...რეკორდსმენობაზე და მოსამზადებელ ეტაპზე: მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ, რაშიც დიდი როლი ითამაშა განახლებულმა ბაზამ, შეცვლილმა მოედნის საფარმა და გაუმჯობესებულმა პირობებმა.

ამაყი ვარ იმით, რომ ბორჯღალოსნებს მე-40-ე მატჩში ვუკაპიტნებ. ცოტა არ მჯერა კიდეც, თუმცა რამდენი ციფრიც ემატება ჩემს კაპიტნობას, იმდენად იზრდება ჩემი პასუხისმგებლობაც. იმედი მაქვს ამ პასუხისმგებლობას თავს ბოლომდე გავართმევ.

მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დაიწყოს. იმედია, რომ ქართველი მორაგბეები ურუგვაისთან ძალიან დიდ ენერგიას არ დახარჯავენ, რადგანაც ზუსტად 6 დღეში კიდევ უფრო ძლიერ და რთულ მეტოქესთან, სამოასთან დაპირისპირება ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები