Thumbnail
  • საქართველო 34:18 ურუგვაი
  • საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის პირველი ტესტმატჩი დამაჯერებლად მოიგო
  • 'ბორჯღალოსნები' მომდევნო შეხვედრას ისევ შინ, სამოას ნაკრებთან ჩაატარებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა თბილისში, ურუგვაის ნაკრებთან ჩაატარა და ანგარიშით 34:18 გაიმარჯვა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს, რომელიც საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სახელით გამოვა, 4 ლელო გაუტანეს.

"დინამო არენაზე" ანგარიში სტუმრებმა მატჩის დასაწყისშივე, საჯარიმო დარტყმით გახსნეს. ამას ლევან მაისაშვილის გუნდმა რამდენიმე წუთში, ჯერ თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოთი, შემდეგ კი ბექა გორგაძის ლელოთი უპასუხა. ათიოდე წუთის შემდეგ გორგაძემ მეორე ლელოც დადო, აბჟანდაძემ კი ორივეჯერ გარდასახა - 17:3. 

პირველ ნახევარ საათში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, "ბორჯღალოსნების" უპირატესობა თითქოს თვალსაჩინო იყო, მაგრამ შემდეგ ურუგვაელებმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს - ჯერ ლელო დაგვიდეს და გარდასახეს, შემდეგ კი საკმაოდ შორიდან საჯარიმოც გაიტანეს და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს. ამას "ბორჯღალოსნების" კარგი შეტევა მოყვა. დავით ნინიაშვილისა და აკა ტაბუცაძის იერიში ბექა გორგაძემ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძის გარდასახვა კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა.

ტაიმის მიწურულს თედოს ანგარიშში სხვაობის კიდევ უფრო გაზრდაც შეეძლო, თუმცა ბოლო წამებზე მისი საჯარიმო არაზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 24:13. 

მერაბ შარიქაძე ნაკრების რეკორდსმენი გახდა
📸 | ფოტო: GEORGIAN RUGBY

მეორე ტაიმი მასპინძლების იერიშით და გურამ პაპიძის ლელოთი დაიწყო, რომლისთვისაც ეს პირველია ეროვნულ გუნდში. აბჟანდაძემ ამჯერადაც გარდასახა - 31:13.

ამას მოჰყვა თედო აბჟანდაძის ყვითელი ბარათი და ათი წუთით გაძევება. ეს მონაკვეთი ურუგვაელების იერიშებით წარიმართა და საბოლოოდ მათივე ლელოთი დასრულდა.  სტუმრებმა ვერ გარდასახეს, მოედანზე დაბრუნებულმა აბჟანდაძემ კი თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 34:18. "ბორჯღალოსნებმა" თამაშის ბოლო წამები იერიშში კი გაატარეს, თუმცა მეხუთე ლელოს დადება ვეღარ მოახერხეს. 

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის მეორე ტესტმატჩს ისევ თბილისში, 12 ნოემბერს, სამოას ნაკრებთან (ოკეანეთი2) ჩაატარებენ, ხოლო მესამე შეხვედრას 19-ში, სტუმრად კარდიფში უელსთან, ''პრინციფალითიზე'' გამართავენ. 

საინტერესო ფაქტები

🏉 საქართველოს და ურუგვაის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მეშვიდედ დაუპირისპირდნენ. "ბორჯღალოსნებმა" სამხრეთამერიკელებს ზედიზედ მეხუთედ მოუგეს. 

🏉 მერაბ შარიქაძე "ბორჯღალოსნებს" მე-40-ედ უკაპიტნა და ამ მაჩვენებლით ის საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

საქართველო 34:18 ურუგვაი

ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკა ტაბუცაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გურამ პაპიძე, ლადო ჩაჩანიძე, კოტე მიქაუტაძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: გიორგი ჭყოიძე, ნიკა აბულაძე, ვახტანგ აბდალაძე; ნოდარ ჭეიშვილი, ოთარ გიორგაძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, დემე თაფლაძე.

4 ლელო: გორგაძე (3), პაპიძე; გარდასახვა: აბჟანდაძე (4); ჯარიმა: აბჟანდაძე (2).

კომენტარები

ბოლო ამბები