- ლუკა მაისურაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- საქართველომ აზერბაიჯანში გამოსვლა 2 მედლით დაასრულა
ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მაისურაძემ (-90 კგ) ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელ ნიჰად შიხალიზადა დაამარცხა, მერე მონღოლ მუნხბაიარ ბატოგტოხსა და ყირგიზ ერლან შეროვსაც აჯობა, თუმცა ფინალში ვერ გავიდა, რადგან ნახევარფინალში შვედ მარკუს ნიმანთან სამი გაფრთხილებით წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ლუკამ მასპინძელ მამადალი მეხდიევთან დამატებით დროში ვაზარით მოიგო და საქართველოს მე-2 მედალი მოუტანა.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდეც მაისურაძის გარდა ვერავინ მივიდა. ილია სულამანიძემ (-100 კგ) პირველ წრეში ყაზახი იერკანატ მოლდაგულოვი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში უზბენ ოტაბეკ ტურაბოევთან წააგო და უმედლოდ დარჩა.
მედლების გარეშე დაასრულეს ბაქოს გრანდ სლემი +100 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლებმა: საბა ინანეიშვილმა სლოვაკ მარიუს ფიცელს კი აჯობა, მაგრამ მეორე შეხვედრაში ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან ვერაფერი გააწყო და რეპეშაჟში გადანაცვლება მოუწია, თუმცა იქ პირველივე წრეში უნგრელ რიხარდ შიპოშთან განიცადა მარცხი და მედლისთვის ვერ იბრძოლა. ამავე წონაში გურამ თუშიშვილმა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
ქალთა შორის, სოფიო სომხიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც სერბ მილიცა ზაბიცჩთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის შანსი მაინც მიიღო, მაგრამ თურქ სებილე აკბულუტთან წაგებით გრანდ სლემს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემზე 11 ძიუდოისტით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა. ლუკა მაისურაძის გარდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილიც გახდა.
კომენტარები