Thumbnail

ასეთი გრანდები ერთმანეთს მერვედფინალში არ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ წილისყრა ასეთია და ასე ხდება.

პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის უმთავრესი დაპირისპირება იქნება ლივერპულისა და რეალის დუელებთან ერთად. აი, რა რეაქცია ჰქონდათ ბავარიულ გრანდში იმ ფაქტზე, რომ მერვედფინალში მესის, ნეიმარის და მბაპეს პსჟ-ს წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბაიერნის სპორტული დირექტორი): “ყოველთვის ვამბობდი, რომ მივიღებთ იმას, რაც იქნება. ტოპ-თამაშები გველოდება, რადგან ტოპ-მეტოქე გვყავს. ვფიქრობ, პსჟ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მსოფლიო დონის ვარსკვლავებით. ჩვენი და პსჟ-ს მატჩები ფეხბურთის მოყვარულებისთვის საუკეთესო შოუ იქნება. ვნახოთ, რა მოხდება და ვინ გავა მეოთხედფინალში.”

'პარიზელებიც ნახავდნენ, როგორ ვითამაშეთ ჯგუფურ ეტაპზე' - ოლივერ კანი

ოლივერ კანი (ბაიერნის გენერალური დირექტორი): “გასულ წლებშიც შევხვდით პსჟ-ს და მათთან თამაშის გამოცდილებას მივიღეთ. ჩემთვის პსჟ ყველაზე რთული მეტოქეა მათ შორის, ვინც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ორი ძალიან მაგარი მატჩი გველოდება. ასეთ თამაშებში შანსები ყოველთვის 50:50-ზეა. პარიზელებიც ნახავდნენ, როგორ ვითამაშეთ ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ მერვედფინალამდე ძალიან ბევრი დროა და მანამდე ბევრი, ძალიან ბევრი რამ მოხდება. სხვა თუ არაფერი, შუაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ზოგადად, მუნდიალით გამოწვეული პაუზა ამ სეზონში კლუბებისთვის დიდი გამოწვევაა. გუნდის მდგომარეობა დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ მუნდიალზე ჩვენი ფეხბურთელები, თუმცა ვფიქრობ, რომ თებერვალსა და მარტში უკვე ნებისმიერ შემთხვევაში ფორმაში ვიქნებით. პსჟ-სთან თამაში ჩვენთვის მოტივაციაცაა.”

იულიან ნაგელსმანი (ბაიერნის მთავარი მწვრთნელი): “პსჟ რთული მეტოქეა. ჯგუფშიც რთული მეტოქეები გვყავდა და პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ წილისყრაზე მაინც არ გაგვიმართლა.”

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 14/15 და 21/22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7/8 და 14/15 მარტს გაიმართება. მიმდინარე სეზონის ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში, ‘ათათურქის’ სტადიონზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები