Thumbnail
  • ლაშა შავდათაშვილს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აქვს
  • ბაქოს გრანდ სლემის შემდეგ, კლასიფიკაციაში დიდი ცვლილებები მოხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მიერ განახლებულ რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა.

შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში 6 377 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილიდან მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (6 310) დააქვეითა.

ლაშას წინსვლა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულმა გრანდ სლემმა განაპირობა, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში 2 242 ქულით მე-12 პოზიციაზეა გიორგი ტერაშვილი.

ტატო გრიგალაშვილს მატიას კასემ გადაასწრო

შავდათუაშვილი ქართველ ძიუდოისტთაგან ერთადერთი პირველადგილოსანია, რადგანაც წონის (81 კგ.) ლიდერობა დაკარგა ტატო გრიგალაშვილმა (7 496). საქართველოს ნაკრების წევრს ბელგიელმა მატიას კასემ (7 625) გადაასწრო, რომელმაც ბაქოში ფინალში გასვლა მოახერხა. ამ წონაში 43-ე საფეხურზეა გიორგი შერაზადიშვილი (1 010).

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი სარდალაშვილს (2 926) აქვს. ის, მე-8 ადგილზეა. მეცხრეა თემურ ნოზაძე (2 867), მე-11 – ლუხუმ ჩხვიმიანი (2 561), 30-ე – ჯაბა პაპინაშვილი (1 496). ამ წონის ლიდერი ტაივანელი იუნგ ვეი იანგია (6 645).

66 კგ-ში კიდევ უფრო გაიმყარა პირველობა მოლდოველმა დენის ვიერუმ (6 910), რომელიც ბაქოში ჩემპიონი გახდა. ვაჟა მარგველაშვილი (4 082) უმედლოდ დარჩა და ისევ მეხუთეა, გიორგი თუთაშვილი (920) მე-40 ადგილზეა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილს (899) 44-ე საფეხური უკავია.

ლუკა მაისურაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების ერთბაშად 3 წევრია: ბექა ღვინიაშვილი (4 945) მეორეა, ლუკა მაისურაძე (3 975) – მე-5, ხოლო ლაშა ბექაური (3 500) – მე-8. მაისურაძემ აზერბაიჯანში მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა, ადგილების მხრივ წინსვლა არ ჰქონია. ამ წონაში საუკეთეს შედეგი უზბეკ დავლატ ბობონოვს (6 134) აქვს.

100 კგ-ში ლიდერობა შეინარჩუნა ნიდერლანდელმა მიხაელ კორელმა (5 107), ქართველი ძიუდოისტების მდგომარეობა კი ასეთია: ილია სულამანიძე (3 952) მეხუთეა, ვარლამ ლიპარტელიანი (3 243) – მე-12, ონისე სანებლიძე (2 880) – მე-13, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 230) – 28-ე.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ლიდერობა გაიმყარა ბაქოს გრანდ სლემის ტაჯიკმა ჩემპიონმა ტემურ რახიმოვმა (5 180). მისი უახლოესი მდევარი გურამ თუშიშვილია (4 699), გელა ზაალიშვილი (3 116) მერვეა, საბა ინანეიშვილი (865) – 41-ე, ლევან მატიაშვილი (819) კი – 45-ე.

ქალთა კლასიფიკაციაში ეთერ ლიპარტელიანი (4 592) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-4 ადგილზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი (1 691) მძიმე წონაში (+78 კგ.) მეცხრამეტეა.

ძიუდოს რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელიც იაპონიის დედაქალაქში 3-4 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები