Thumbnail
  • ქართული ტურნირი 5 ნოემბერს DOTA 2-ის შეჯიბრით დაიწყო
  • წლევანდელ WINTER CUP-ს NBA 2K23 დაემატა

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობით, ზედიზედ მეორე წელია 100 000 ლარიანი ტურნირი ტარდება, რაც ქართული გეიმინგ სცენისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

WINTER CUP - ასე ქვია ჩემპიონატს, რომელიც შვიდ სახეობაში ტარდება, ესენია: DOTA 2, CS:GO, PUBG MOBILE, FIFA 23, eFOOTBALL, TEKKEN 7 და NBA 2K 23. სახეობები მათი პოპულარობისა და მასშტაბების მიხედვით შეირჩა. 100 000 ლარიანი ტურნირი იანვრის ბოლოს დასრულდება, რომელიც ყველა სახეობების გრანდ ფინალებით დაგვირგვინდება.  

ქართული ტურნირი 5 ნოემბერს DOTA 2-ის შეჯიბრით დაიწყო და მასში 23 გუნდი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრი ორ საუკეთესო გუნდს გaმოავლენს, რომლებიც გრანდ ფინალში ერთმანეთს ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდებიან. დოტერებისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც ჩემპიონი გუნდი 10 000 ლარს მიიღებს. 

8 ნოემბერს, WINTER CUP-ში TEKKEN 7-ის ტურნირი ჩაერთვება, რომელშიც TOP 8 მოთამაშე კვალიფიკაციის გზით გამოვლინდა, ესენია: გიორგი ირემაშვილი (შარშანდელი ფინალისტი), გიორგი ჯაფარიძე, შაკო ხომასურიძე, ენო წულაძე, გიორგი მაღლაკელიძე, დავით გილიგაშვილი, გიორგი სიფრაშვილი და ლუკა გვაზავა. ტეკენის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს. 

9 ნოემბრიდან eFOOTBALL იწყება, რომელშიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ფლეისთეიშენის ყველა სახეობაში გრანდ ფინალისტების ვინაობა TOP 8 მოთამაშეს შორის გაირკვევა, ესენია: რატი ნანავა, გიორგი პეტრიაშვილი, ცოტნე ეჯიბია, გიორგი იოსავა, ოთარ ქუთათელაძე, მათე ნანავა, დავით ნებიერიძე და ნიკოლოზ კევლიშვილი. eFOOTBAL-ის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

წლევანდელ WINTER CUP-ზე სიახლეა - სახეობებს NBA 2K23 დაემატა. საკალათბურთო სიმულატორის ქართული ტურნირი 14 ნოემბრიდან დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ეს მოთამაშეები დაუპირისპირდებიან: ვატო შანავა, მიქაელ ესებუა, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ქოჩიშვილი, ლუკა სერგია-ჩოკორაია, სანჯი საგინაშვილი, ნიკოლოზ ხიზანიშვილი და ბება ჭინჭარაული. NBA 2K23-ის ჩემპიონატზე 5000 ლარია გამოყოფილი. 

შარშან მოთამაშეების მხრიდან ყველაზე მეტი ჩართულობა PUBG MOBILE-ში დაფიქსირდა. წელს გუნდების რაოდენობამ იკლო, რაც კლანების დაშლითაა გამოწვეული. ყველაზე პოპულარული მობაილ თამაში 17 ნომბრიდან დაიწყება, რომელშიც 62 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან გრანდ ფინალში 16 გუნდი გადავა. PUBG MOBILE-ის საპრიზო 20 000 ლარია.

ერთადერთი სახეობა, რომელშიც რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს - FIFA 23 გახლავთ. ჩემპიონატი FUT რეჟიმში ჩატარდება და საუკეთესო 8 მოთამაშის გამოსავლენად ონლაინ კვალიფიკაცია გაიმართება, რომელიც სტარტს 13 ნოემბერს აიღებს. საუკეთესო საფეხბურთო სიმულატორის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

და ბოლოს, eSports-ის სცენის კლასიკური თამაში - CS:GO, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს. ქართული ტურნირი 3 დეკემბერს დაიწყება და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი 4 ჯგუფად გადანაწილდებიან. CS:GO-ს საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს. 

ჩემპიონატის LIVE ტრანსლაციები CYBER TV-ის YOTUBE არხზე გაშუქდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები