Thumbnail

ბრუნო პეტრის პოკერი, თალესის დუბლი - საქართველოს რთული მოგება ავსტრიასთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველო 6:4 ავსტრია
  • საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ბრუნო პეტრიმ და თალესმა მოუტანეს 
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ელიტრაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდში მესამე მატჩი გამართა და ელიტრაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას უმასპინძლა და ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა.

შეხვედრა მასპინძლების სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოსაპოვებლად მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. ანგარიში უკვე მე-6 წუთისთვის ბრუნო პეტრიმ გახსნა, ავსტრიელებმა კი წონასწორობა ორიოდ წუთში აღადგინეს. პირველ ტაიმში კიდევ სამი გოლი გოლი გავიდა - ჯერ ავსტრიელებმა გაიტანეს და ანგარიშში დააწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ბრუნო პეტრიმ კიდევ ორჯერ შეაგდო და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 3:2.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავსტრიელებმა ზედიზედ ორჯერ გაიტანეს და ანგარიშში ისევ წინ გავიდნენ, საქართველოს ნაკრები კი რთული მდგომარეობიდან თალესმა გამოიყვანა, რომელმაც ჯერ თამაშიდან გაიტანა, მოგვიანებით კი ბინიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტიც გამოიყენა და დუბლი მიითვალა. მატჩის საბოლოო ანგარიში ბოლო წამებზე ბრუნო პეტრიმ დააფიქსირა, რომელმაც პოკერი შეასრულა - 6:4.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - 3 თამაშში 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე თითო მოგება-წაგებით ბელგიაა (3 ქულა), რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო მესამეზე ავსტრიაა (0).

საქართველოს ნაკრები მეინრაუნდის მე-2 ჯგუფში გამოსვლას 7 მარტს, ბელგიასთან გასვლითი მატჩით დაასრულებს. ცნობისთვის, ელიტრაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.

საქართველო 6:4 ავსტრია

გოლები: 1:0 ბრუნო პეტრი (05'46'), 1:1 ფლეგელი (07'59''), 1:2 ბიჩერი (15'50''), 2:2, 3:2 ბრუნო პეტრი (16'54'',17'18''), 3:3 მრშიჩი (22'18''), 3:4 ფლეგელი (23'57''), 4:4, 5:4 თალესი (29'27'', პენ. 34'55'), 6:4 ბრუნო პეტრი (39'22').

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): ბუკია - შაგინია, ფერნანდო, თალესი, ბინიო.

კომენტარები

ბოლო ამბები