Thumbnail

ასათიანი: 99%-ით ელიტ-რაუნდში ვართ, თუმცა, პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი და ფეხბურთელი ირაკლი თოდუა ავსტრიასთან მოგებულ (6:4) მატჩს გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების დიდი შანსი აქვს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): მთავარი მიზანი შევასრულეთ. 9 ქულა გვაქვს, რაც 99%-ით ელიტ-რაუნდის საგზურს გვაძლევს. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. თამაშამდე არაერთხელ ვთქვი, რომ მოწინააღმდეგის დაფასება აუცილებელი გახლდათ და სატურნირო ცხრილს შეცდომაში არ უნდა შევეყვანეთ. კარგია, რომ საბოლოო ჯამში, გავიმარჯვეთ. 9 ქულა ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს. პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ჯგუფიდან პირველი პოზიციით გავიდეთ. მინდა აღვნიშნო გულშემატკივრების მხარდაჭერა. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი მოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ამ თამაშს ვერ შემოვატრიალებდით. დიდი მადლობა ჩემი და ბიჭების სახელით.

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): რთული მატჩი გამოდგა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წინ იყვნენ, მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება და სასურველი შედეგის დაფიქსირება. მთავარია, რომ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გავედით, თუმცა მარტში ბელგიასთან გასვლითი მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, პირველი ადგილი დავიკავოთ. ამ შემთხვევაში მომდევნო რაუნდში მაღალ კალათში ვიქნებით განთესილები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. ამ დროისთვის, მე-2 ჯგუფს საქართველო ლიდერობს 9 ქულით, შემდეგ კი, ბელგია (3) და ავსტრია (0) მოდიან. ჯგუფში 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: გაისად, 4 მარტს – ავსტრია-ბელგია და 7-ში – ბელგია-საქართველო.

კომენტარები

ბოლო ამბები