Thumbnail

მაშ ასე: მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც დაასახელა.

ჰანსი ფლიკს კატარში 26 ფეხბურთელი მიჰყავს - მათ შორის 3 მეკარე: ნოიერი, ტერ შტეგენი და ტრაპი. ბუნდესმწვრთნელი მუნდიალზე 4 კიპერის წაყვანაზეც ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი) და ბერნდ ლენო (ფულჰემი) სახლში რჩებიან.

ბუნდესგუნდის შემადგენლობაში არ არიან ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა რობინ გოზენსი და ფრაიბურგის კაპიტანი კრისტიან გიუნტერი. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი ბოლო მომენტამდე ჰქონდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ მატს ჰუმელსსაც, მაგრამ ფლიკი მასაც სახლში ტოვებს. სამაგიეროდ, ბევრისთვის მოულოდნელად, ფლიკმა თავის სიაში ახალგაზრდა არმელ ბელა კოჩაპი (საუთჰემპტონი) შეიყვანა.

საინტერესო იყო, რომელ თავდამსხმელებს გამოიძახებდა ბუნდესმწვრთნელი მას შემდეგ, რაც ტიმო ვერნერი დაშავდა და გუშინ ტრავმა მიიღო ვოლფსბურგის ლუკას ნმეჩამაც. ასევე, დღეს გამოირიცხა მარკო როისის მუნდიალზე თამაშიც. ფლიკმა ორ ცენტრფორვარდზე გააკეთა არჩევანი: ბრემენის ვერდერის ნიკლას ფიულკრუგსა და დორტმუნდის ბორუსიას 17 წლის ვუნდერკინდ იუსუფა მუკოკოზე, რომელსაც გერმანიის პირველ ნაკრებში ჯერ არასდროს უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში გერმანელი თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტი გოლი ახლა ფიულკრუგს აქვს გატანილი (10 გოლი 13 მატჩში). ცალკე აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების განაცხადშია 2014 წლის მუნდიალის ფინალის გმირი მარიო გიოტცეც.

გერმანიის ნაკრები მუნდიალამდე ომანში მოემზადება (14 - 18 ნოემბერი) და 16 ნოემბერს ომანის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი თამაში ბუნდესგუნდს 23 ნოემბერს, იაპონიასთან ელოდება. E ჯგუფში ასევე არიან კოსტა რიკის და ესპანეთის ნაკრები გუნდები.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი).

მცველები: თილო კერერი (ვესტ ჰემი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკლას ზიულე (დორტმუნდი), მათიას გინტერი (ფრაიბურგი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), არმელ ბელა კოჩაპი (საუთჰემპტონი).

ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი, ლეონ გორეტცკა, ჯამალ მუსიალა, სერჟ გნაბრი, ლეროი სანე, თომას მიულერი (ყველა ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), კარიმ ადეიემი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (აინტრახტი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), იუსუფა მუკოკო (დორტმუნდი).

კომენტარები

ბოლო ამბები