Thumbnail

ნაპოლი პაუზის დროსაც არ დაისვენებს: შეკრება ანტალიაში და ტესტ-მატჩები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის დროს შეკრებას გაივლის
  • დაგეგმილია ამხანაგური მატჩები თურქეთსა და ნეაპოლში

მსოფლიოს ჩემპიონატის გამო საკლუბო ფეხბურთში თითქმის ორთვიანი პაუზა დაიწყება, მაგრამ ნაპოლი უკვე მუშაობს ამ პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებაზე.

La Repubblica-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტი ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებენ, უდინეზესთან თამაშის შემდეგ დაახლოებით 10 დღით დასვენების საშუალებას მისცემს, შემდეგ კი გუნდი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდება.

დაგეგმილია შეკრება თურქეთში, კერძოდ ქალაქ ანტალიაში, სადაც ნაპოლი ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება და სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - ჯერჯერობით, მეტოქეთა ვინაობა დაზუსტებული არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, თურქულ კლუბებთან.

სპალეტი გუნდს პაუზის დროს სეზონის მეორე ნაწილისთვის  აქტიურად მოამზადებს

ანტალიიდან დაბრუნების შემდეგ კი იტალიური გუნდი მზადებას ნეაპოლში გააგრძელებს და კიდევ ორი ტესტ-მატჩი იგეგმება, მათ შორის, ერთ-ერთი "სტადიო მარადონაზე". ამგვარად, სპალეტი მაქსიმალურად ეცდება, რომ გუნდს სათამაშო ფორმა შეუნარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაპოლიდან არცთუ ისე ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს, რაც დამატებითი პლუსია.

ნაპოლი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაძლია, ხოლო სერია A-ს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. "აძური" პაუზამდე ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, უდინეზესთან გამართავს, იანვარში კი საკმაოდ რთული კალენდარი აქვს და წლის პირველივე თვეში ინტერს, იუვენტუსსა და რომას დაუპირისპირდება. სერია A-ში სეზონი 4 იანვარს განახლდება და ნეაპოლელები მილანის ინტერს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები