Thumbnail
  • მორის ყვითელაშვილი ეთერ თუთბერიძის ჯგუფში აღარ ივარჯიშებს 
  • 27 წლის ქართველი მოციგურავე მომზადებას იტალიაში გააგრძელებს 

მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა რუსეთში ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ჯგუფში ვარჯიში შეწყვიტა, იტალიაში გადაბარგდა და ამიერიდან სწორედ ამ ქვეყანაში გააგრძელებს მომზადებას. როგორც ირკვევა, 27 წლის ყვითელაშვილმა გადაწყვეტილება თუთბერიძესა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან შეთანხმებით მიიღო. 

"დიახ, ეს ასეა, ამჟამად იტალიაში ვვარჯიშობ. გადაწყვეტილება საქართველოს ფედერაციასა და ჩემს მწვრთნელებთან ერთად მივიღე. შესაძლოა, საწვრთნელ პროცესში გარკვეული მომენტები კიდეც შეიცვალოს", - თქვა ყვითელაშვილმა რუსულ მედიასთან, რომლის ცნობით, მორისის ახალი მწვრთნელების გუნდში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ლორენცო მაგრიც შედის.

მოსკოვში დაბადებული მორის ყვითელაშვილი თუთბერიძის ხელმძღვანელობით მთელი თავისი კარიერის განმავლობაში (დიდებშიც და იუნიორებშიც) ვარჯიშობდა. მოციგურავემ, რომელმაც მოგვიანებით საქართველოს სახელით გამოსვლა გადაწყვიტა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, გასულ წელს სოჭის გრან პრიზე კი - ოქრო. ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსება ორჯერ დაიცვა - 2018 და 2022 წლებში, სადაც შესაბამისად, 24-ე და მე-10 ადგილები დაიკავა.

პეკინში საქართველოს დელეგაციის მედროშეები მორის ყვითელაშვილი და ნინო წიკლაური იყვნენ

უახლოესი შეჯიბრი, სადაც მორის ყვითელაშვილი გამოვა, დიდი ბრიტანეთის გრან პრის ეტაპია, რომელიც 11-13 ნოემბერს ჩატარდება. შეფილდში, 2022 MK John Wilson Trophy-ზე საქართველოს სახელით ასევე იასპარეზებენ: ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა დანიილ პარკმანის დუეტი და მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას წყვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები