Thumbnail

PREVIEW | ადესანია V პოატანი - საფრთხე იზის მემკვიდრეობისთვის

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 📅 13 ნოემბერი | 🏟 მედისონ სქვეარ გარდენი | ⌚ 03:00 | 👊 ადესანია V პერეირა
  • ალექს პერეირა ისრაელ ადესანიას დამარცხებას უკვე ოქტაგონზე ეცდება
  • კიკბოქსინგში აქამდე გამართული ორივე ჩხუბი ბრაზილიელმა მოიგო

კვირა დილით UFC-ში ძალიან მაგარი ბრძოლები გაიმართება, თუმცა გამორჩეული, ცხადია ისრაელ ადესანიასა (23-1) და ალექს პერეირას (6-1) დაპირისპირებაა. სპორტსმენებმა კიკბოქსინგში ასპარეზობისას ორჯერ იჩხუბეს, ბრაზილიელმა ნიგერიელი ორჯერვე დაამარცხა. სწორედ 'პოატანთან' (ქვის ხელი) დანოკაუტების შემდეგ შეიცვალა ადესანიამ სპორტის სახეობა და MMA-ში გადასვლა გადაწყვიტა, მაგრამ პერეირასთან ჩხუბს ვერც შერეულ ორთაბრძოლებში ასცდა.

ალექსმა ისრაელი პირველად 2016 წელს, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, 2017 წელს კი მეტოქე ნოკაუტში გაუშვა. ეს ბრძოლები არცერთ მათგანს დავიწყებია. ადესანიას კარიერაში 2-ჯერ სხვა არცერთ მებრძოლთან წაუგია, MMA-ში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ისიც ნახევრადმძიმე წონაში იან ბლახოვიჩთან ჩატარებულ, საკმაოდ, თანაბარ მატჩში, რომლის ბედიც პოლონელის მიერ შესრულებულმა ორმა თეიქდაუნმა გადაწყვიტა. UFC-ის საშუალო წონის ქამარი კი ისრაელმა 5-ჯერ დაიცვა, მხოლოდ 1 ნოკაუტი ჰქონდა, მაგრამ გამარჯვება ეჭვქვეშ არც ერთხელ დაუყენებია. ნიგერიელს შერეულ ორთაბრძოლებში სახელისა და მემკვიდრეობის შექმნა სურს, ამ გზაზე კი პერეირასთან მესამე მარცხი ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს დაუმსხვრევს. ამიტომ, მომავალ დაპირისპირებაში სასწორზე ადესანიასთვის უფრო მეტი რამ დევს, ვიდრე 'პოატანისთვის'. 

რაც სპორტულ ნაწილს შეეხება, ორივე მებრძოლი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მთავარი სხვაობა ის არის, რომ MMA-ში ნიგერიელი უფრო გამოცდილია. ისრაელს ოქტაგონზე 24 ჩხუბი აქვს ჩატარებული, ალექსს მხოლოდ 7 (ამდენი მხოლოდ 5-რაუნდიანი მატჩია იზის რეკორდში). ამასთანავე, პერეირას ბრძოლები მაქსიმუმ 3 რაუნდს გაგრძელებულა, ისიც მხოლოდ ერთხელ. სწორედ ეს გამოცდილებაა ადესანიას უპირატესობა და ფავორიტადაც ამიტომ ითვლება.

ბუნებრივია, საერთოდ არაა გამორიცხული, პერეირამ ისე დაარტყას, როგორც ეს 5 წლის წინ გააკეთა და ნიგერიელს ქამარი წაართვას. იზის რაციონალური გეიმფლენი მარტივად შეიძლება მოიშალოს, თუ ერთ შეცდომას დაუშვებს. თან ალექსი ძალიან მაგარი სტრაიკერია, საშუალოდ წუთში მეტოქეებს 6,29 დარტყმას აყენებს, ადესანია მხოლოდ 3,93-ს. დიდი შანსია, ბრაზილიელმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყოს და პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადავიდეს. თუ სანოკაუტე დარტყმას ვერ შეასრულებს, საწყისი რაუნდების მოგების შანსი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ისრაელის კარდიოსთან მატჩის ბოლო წუთებში გამკლავებისა. საჩემპიონო რაუნდებამდე თუ მივიდა საქმე, ამ შემთხვევაში, ადესანიას შანსები ძალიან გაიზრდება, რადგან ის გაცილებით ჭკვიანი მებრძოლი და უკეთესი დამცველია. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, იზიმ 'პოატანი' 2017 წელს ლამის გათიშა, ბრაზილიელს გონგმა სულზე მოუსწრო. იმას ვამბობთ, თუ პერეირა ძლიერი დამრტყმელია, ამ კომპონენტში ადესანია მას თითქმის არ ჩამორჩება და მეტოქის დანოკაუტების შანსი ორივე სპორტსმენს აქვს.

ასევე, მართალია ნიგერიელს UFC-ში ჯერ თეიექდაუნი არ განუხორციელებია, მაგრამ მოწინააღმდეგეს გრეპლინგში ჯობს. ბრაზილიელმა კარიერაში ერთადერთი მარცხი დანებებით განიცადა და არაა გამორიცხული იზის გრაუნდგეიმი პირველად პერეირასთან ვნახოთ. 

საერთო ჯამში, წინ ძალიან თანაბარი ჩხუბი გველოდება. ორივე მებრძოლს აქვს ნოკაუტის ძალა და გასაკვირი არ იქნება, რომელიმე მათგანი თუ ბრძოლას ნაადრევად დაასრულებს. თუმცა, ადესანიას ფავორიტის სტატუსს MMA გამოცდილება, კარდიო და უკეთესი დაცვა აძლევს. თუ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა, გამარჯვების მოპოვების უდიდესი შანსი ნიგერიელს ექნება, პერეირას პერსპექტივა, კი ნოკაუტით მოგება ჩანს.

სატიტულო ბრძოლის გარდა, 'მედისონ სქვეარ გარდენში' კიდევ რამდენიმე საინტერესო ჩხუბი გაიმართება. განსაკუთრებით დაძაბული მსუბუქ წონაში ქამრის პრეტენდენტების, მაიკლ ჩენდლერისა და დასტინ პორიეს მატჩი იქნება. აღსანიშნავია, რომ 1-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე 41 წლის ექსჩემპიონი, ფრენკი ედგარი ბრუნდება და კრის გუტიერესს შეხვდება. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს დან ჰუკერიც, რომელიც ბოლო 5 ბრძოლიდან 4-ში დამარცხდა და კიდევ ერთი წაგება მსუბუქი წონის დივიზიონის ტოპ 15-ის დატოვებად შეიძლება დაუჯდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები