Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ილიას ზუროსის გუნდმა რეიკიავიკში უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და მეტოქეს 88:85 სძლია.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი გამოჩნდნენ. 

გიორგი ცინცაძემ 7 ქულა ჩააგდო

თამაში სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც შერმადინს მეტოქე ფეხზე დაეცა და გიორგიმ მოედანი კოჭლობით დატოვა. ცხადია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ლიდერის გამოკლება ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, გიო თამაშს მალევე დაუბრუნდა.

მატჩის საწყის მეოთხედში ილიას ზუროსის ნაკრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის ლიდერობა კაპიტანმა შენგელიამ იკისრა, მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს ცინცაძემ და მაკფადენმაც, ისლანდიას კი პერიმეტრიდან სროლა არ წაუვიდა, რაზეც დიდ იმედებს ამყარებდა. შედეგად, ერთხელ სტუმრები 10 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მეოთხედი კი 17:26 მორჩა.

დუდა სანაძემ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა

მე-2 ათწუთეული ახალი დაწყებული იყო, როდესაც მაკფადენის სამქულიანით საქართველო 29:19 დაწინაურდა. მასპინძლებმა სწორედ ამ დროს მოუმატეს, ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდეს, 8:0 გაქცევა მოაწყვეს და სოლიდური უპირატესობისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. აღნიშნულ წუთებში მოედანზე შენგელია არ იმყოფებოდა, ზუროსმა ტაიმ-აუტი აიღო და კაპიტანი მოედანზე დააბრუნა. თოკომ მყის 2 ქულა ჩააგდო, ჩვენი გუნდის მშრალი სერია შეწყვიტა და იქვე მეტოქეს ბურთის დაკარგვაც აიძულა.

ეს მნიშვნელოვანი მომენტი გამოდგა, რადგანაც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გადასწრების საშუალება არ მისცა და პირველი ტაიმი ისე ჩაამთავრა (38:45), რომ საწყის 2 წუთს თუ არ ჩავთვლით, მუდმივად ლიდერი იყო. შენგელიას დიდი შესვენებისთვის 14 ქულა ჰქონდა, მაკფადენს კი – 12. რაც მთავარია, ნაკრები ძალიან მობილიზებული სჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია ძალიან სწრაფ ტემპში თამაშობდა, ქართველი კალათბურთელები დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდნენ. 

თორნიკე შენგელია შეუჩერებელი იყო

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით მე-3 მეოთხედზე, რომელშიც ისლანდიამ ტემპს კიდევ უფრო მოუმატა, პერიმეტრიდან პროცენტი გააუმჯობესა და რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრები მდევრის როლში აღმოჩნდა. მასპინძლები 7 ქულითაც კი გავიდნენ წინ და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა შენგელიას მნიშვნელოვანი ქულები და რატი ანდრონიკაშვილის გაბრწყინება, როდესაც მან 2 სამქულიანს დაცვაში ჩინებული გარჯაც წაამატა. საბოლოოდ, ათწუთეული 15:25 წავაგეთ და ბოლო მეოთხედის წინ 60:63 ვმარცხდებოდით.

სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მაშინ, როდესაც მეტოქემ ჩვენი შეცდომები გამოიყენა და მისთვის სარეკორდო სხვაობით დაწინაურდა – 68:60. ამ მომენტში უმნიშვნელოვანესი გამოდგა თამაშში მიხეილ ბერიშვილის ჩართვა, რომელმაც 3 სამქულიანი ჩააგდო და საქართველო თამაშში დატოვა. საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე, ქართველი კალათბურთელები 7 ქულით დაწინაურდნენ და თითქოს, საქმე ბოლომდე აუღელვებლად უნდა მიეყვანათ, თუმცა, სიტუაცია მაინც დაიძაბა.

ქართველი კალათბურთელები გამარჯვებას ზეიმობენ

ისლანდიელებმა იმით ისარგებლეს, რომ ზედიზედ 2-ჯერ ბურთი შეტევაში დავკარგეთ და თითქოს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, თუმცა, ბოლოსკენ აღებული ტაქტიკური ფოლები არაფერში გამოადგათ და უკანასკნელ წამზე შენგელიას მიერ ჩაგდებული ჯარიმის შემდეგ, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 85:88.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სწორედ თორნიკე იყო, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფორმაში შესვლა საოცრად მოკლე დროში მოახერხა და 27 ქულას 11 მოხსნა და 4 პასი წაამატა. ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალა შერმადინმა, სანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა კი – 12, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ თადს მე-2 ტაიმში შედეგიანი შეტევა არ ჰქონია.

ნაკრებს რეიკიავიკში ქართველი ქომაგებისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩი უკვე 14 ნოემბერს იტალიასთან ელის. თამაში თბილისში ჩატარდება და მისი მოგების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპს ძალიან მიუახლოვდებიან. იტალიამ დღეს ესპანეთთან ოვერტაიმში 84:88 წააგო, ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში კი უკრაინამ სტუმრად ნიდერლანდები 96:77 დაამარცხა.

ამგვარად, L ჯგუფში 6 მოგებით ესპანეთი გალიდერდა, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოს და ისლანდიას – 4-4, ხოლო უკრაინას – 2. ჯგუფის აუტსაიდერ ნიდერლანდებს მოგება არ გააჩნია და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ჩამოშორებულია. ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.

ისლანდია 85:88 (17:26, 21:19, 25:15, 22:28) საქართველო

საქართველო: მაკფადენი (37 წ. 12 ქ. 4 მ. 5 პ.), სანაძე (24 წ. 13 ქ. 4 მ.), შენგელია (34 წ. 27 ქ. 11 მ. 4 პ.), შერმადინი (30 წ. 10 ქ. 11 მ.), ცინცაძე (16 წ. 7 ქ. 4 პ.); ბექაური (8 წ.), ბერიშვილი (16 წ. 9 ქ. 3 მ.), ანდრონიკაშვილი (13 წთ. 6 ქ.), ბოქოლიშვილი (3 წ. 2 ქ.), ჯინჭარაძე (19 წ. 2 ქ.).

L ჯგუფი

ესპანეთი (6-1), იტალია (5-2), საქართველო (4-3), ისლანდია (4-3), უკრაინა (2-5), ნიდერლანდები (0-7)

14 ნოემბერი: ესპანეთი-ნიდერლანდები, საქართველო-იტალია, უკრაინა-ისლანდია
23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები