Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რეიკიავიკში გამართული წარმატებული მატჩი შეაფასა და მას “საკვანძო მოგება” უწოდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ისლანდიას 88:85 სძლიეს და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ილიას ზუროსი: პირველ რიგში, მინდა, ჩვენი გუნდის ყველა კალათბურთელს მივულოცო. ძალიან რთულია, როდესაც საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, მატჩის წინ მხოლოდ ორიოდ ვარჯიშის ჩატარებას ასწრებ და მოთამაშეები სასურველ კონდიციებში არ არიან. რაც შეეხება თოკოს, ის ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვაკლდა და ორიოდ დღის წინ, ევროლიგაშიც ითამაშა. მიუხედავად ამისა, აქ ჩამოფრინდა და 100%-ით დაიხარჯა.  ეს დაუჯერებელი ამბავია და გუნდმაც ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას ვუხდი, რადგანაც ეს ჩვენთვის საკვანძო თამაში იყო. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ქართველი ქომაგებისადმი, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში გვამხნევებდნენ. მომდევნო მატჩი იტალიასთან გველის და ვეცდები, ეს საკვალიფიკაციო ფანჯარა კიდევ ერთი გამარჯვებით დავასრულოთ.

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო L ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სწორედ იმ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, რომელიც მსოფლიოს პირველობაზე გასვლის უფლებას იძლევა. პირველ-მეორე პოზიციებს, შესაბამისად, 6 და 5 გამარჯვებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია ინაწილებენ. ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას იტალიელებთან 14 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ.

L ჯგუფი

ესპანეთი (6-1), იტალია (5-2), საქართველო (4-3), ისლანდია (4-3), უკრაინა (2-5), ნიდერლანდები (0-7)

14 ნოემბერი: ესპანეთი-ნიდერლანდები, საქართველო-იტალია, უკრაინა-ისლანდია
23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები